„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებისა და პრორუსული პოლიტიკის გატარების გამო აშშ-ის საქნციების პარალელურად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის ევროკავშირიც ემზადება. დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაძლო ზომებს შორის არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი, ასევე ფინანსური და სამოგზაურო სანქციები მაღალი თანამდებობის პირებისთვის.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს და ყველასთვის უნდა იყოს ნათელი ერთი რამ: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ქმედებებს, რომლებსაც ახლა მიმართავს, ეს კარი დაიკეტება და საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის. ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ შედეგებზე. დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე თუ საშუალო პერსპექტივაში, რათა საქართველოს მთავრობის ეს ქმედებები შეწყდეს. დღეს გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს იქნება საორიენტაციო დებატები, თუმცა მოკლე პერსპექტივაში იმ ზომებს შორის, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, არის მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეჩერება ან ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომელიც პირდაპირ მთავრობასთან მიდის. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდნენ. დღის ბოლოსთვის გვეცოდინება, რა პასუხი ექნებათ მინისტრებს ჩემს შეთავაზებებზე“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
0 კომენტარი