ბიძინა ივანიშვილი გარშემორტყმულია ხალხით, რომელთა უმთავრესი ამოცანა მასთან, ანუ ძალაუფლებასთან და ფულთან ახლოს დარჩენაა, ამიტომ ისინი უსიტყვოდ ასრულებენ ოლიგარქის ყველა დავალებას. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მორიგ სხდომაზე განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ლინკოლნ მიჩელმა, რომელიც 2012 წელს ივანიშვილის მრჩეველი იყო.

მიჩელის თქმით, მას უჭირს იმის ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიეღო.

„ამ კანონის წარდგენამდე „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ კარგი პოზიციები ეკავა და დიდი შანსი იყო, რომ წლევანდელ არჩევნებში გაემარჯვა. ამიტომ, უცნაურია, რატომ უნდა შემოიტანო კანონი, რომელიც შენს არჩევნებში გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებს. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს დირექტივა მოსკოვიდან მოდის: ვიღაცა კრემლში იღებს ტელეფონს, ურეკავს ბიძინა ივანიშვილს და ეუბნება: „ჩვენ გვინდა, რომ ეს გაკეთდეს“. მარტივი ახსნა ეს არის და ეს მართლაც შესაძლებელია, თუმცა დანამდვილებით ეს ვერ გვეცოდინება. თუმცა, ეს ახლა არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ამით რუსეთი რჩება მოგებული. პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის მიზეზი არის ის, რომ მას არ სურს, ეს ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს და დასავლური ინსტიტუტების წევრი გახდეს. ზუსტად იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებითაც. ამიტომ, როდესაც ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ასეთ კანონს იღებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი აქ უბრალოდ სხვა ტაქტიკით იბრძვის - არა ისე, როგორც უკრაინაში.“, - განაცხადა მიჩელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირება სიტუაციაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

„საქართველოს ელიტაში არსებობს შეგრძნება, რომ კონტაქტები დასავლეთთან ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათ არ ექნებათ დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის საშუალება ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ გაუშვებენ შვილებს სასწავლებლად, ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ შენ შეგიძლია მას ქონების 90% წაართვა და მას მაინც იმხელა სიმდიდრე დარჩება, რომ მის შემდეგ თაობებს ეყოფათ. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ახლა უკვე დასანქცირებულია, რაც ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ მიიღო ეს კანონი. ასე რომ, მე არა მგონია, კონკრეტულად ბიძინაზე დიდად იმოქმედოს ამ სანქციებმა, მაგრამ ის ხალხი, რომელიც მის გარშემო არიან, ბედნიერები ნამდვილად ვერ იქნებიან, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს მიჩელი.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *