საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია ფაქტობრივად შეაჩერა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ბრიუსელში საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ. ჰერჩინსკი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარება გაუმჯობესდება და ქვეყანა კვლავ დაუბრუნდება რეფორმების გზას.
„სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ გავდივართ საკმაოდ რთულ პერიოდს ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, რომ, თუ კანონი უცხოური გავლენის შესახებ ამოქმედდებოდა, ეს უარყოფითად იმოქმედებდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა და მომდევნო კვირას ევროკავშირი იმსჯელებს შედეგებზე. დისკუსიები გაიმართება ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ერთი კვირის შემდეგ კი ლიდერების დონეზე, სადაც პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები იმსჯელებენ, თუ რა ზომები უნდა იქნას გატარებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ. უეჭველია, რომ საქართველოს წინსვლა სერიოზულად არის შეფერხებული, რადგან ამ კანონის მიღებამ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ერთსულოვნებას და ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ქვეყნის ლიდერის განცხადება, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, თუ ეს კანონი მიიღებოდა. კანონი მიღებულ იქნა და შედეგები განიხილება მომავალ კვირას.
როდესაც თბილისიში პირველად ჩამოვედი, დაახლოებით ორი წლის წინ, ვნახე ულამაზესი ძველი ქალაქი, სადაც დგას ქანდაკება „ქართლის დედა“, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი ღვინით სავსე თასი. მე ამიხნეს, რომ ეს ქანდაკება განასახიერებს საქართველოს, ხმალი არის მტრებისთვის, ხოლო ღვინო მეგობრებისთვის. ახლა ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის მათი მტერი და ვინ - მეგობარი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის ვიდექით საქართველოს გვერდით, მხარს ვუჭერდით მის დამოუკიდებლობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებითაც. უკვე 16 წელია, რაც ჩვენი სამინოტორინგო მისია ყველაფერს აკეთებს, რათა მოაგვაროს ორი სეპარატისტული რეგიონის პრობლემა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სახელმწიფოს, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში და ეს იყო მათ შორის უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენგან საქართველოს მთავრობამ ათჯერ უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით შესაძლებლობებს, რომ გაგვეძლიერებინა საქართველოს ინსტიტუტები და დემოკრატია. ახლა კი ქართველების გადასაწყვეტია, ვინ არის მათი მეგობარი და ვინ - მტერი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა. ვიცი, რომ ოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი მხრიდან კი ყველაფერი ნათელია: ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ევროკავშირში გიხილოთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
0 კომენტარი