ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დასრულდეს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებაზე ძალადობა და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობისა და დაშინების ფაქტები. პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციასა და ანტიდასავლურ დეზინფრომაციულ კამპანიაზეა საუბარი. ევროპული გაერთიანება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რაც ძალადობას წაახალისებს.
„ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოეღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ იმ ენის გამოყენებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.
ასევე, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებული რჩება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არაზუსტი განცხადებებისგან, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და ქვეყნის ურთიერთობებზე ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან უარყოფითად აისახება.
ამჟამად, ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რაც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.
მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა შეუდგეს გზას ევროკავშირისკენ. ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის და დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ მისი აბსოლუტური არჩევანის გვერდით დგომას, - წერია პეტერ სტანოს განცხადებაში.
0 კომენტარი