ესტონეთის პარლამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ ქმედებებს გმობს და ივანიშვილისა და ხელისუფლების სხვა წევრების სანქცირებას, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროების შეჩერებასა და სამთავრობო პროექტების დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გაიწვევენ რუსულ კანონს, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში EU-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა დაბლოკოს, სამთავრობო პროექტების დაფინანსება უნდა შეწყვიტოს და ეს ფინანსების სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და პარლამენტარების, ასევე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში ჩართული სამართალდამცავების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის, EU-ში გადაადგილების აკრძალვას, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში მხარი უნდა დაუჭიროს.
"ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ განაცხადა, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტთან წინააღმდეგობაში მოდის, რამდენადაც კანონის უზენაესობის, კანონიერების, პროპორციულობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს არღვევს. ესტონეთის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს გმობს და მოუწოდებს, რუსული კანონი გააუქმოს და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა სათანადოდ გამოიძიოს. ესტონეთის პარლამენტი საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებს, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა შეწყვიტოს, ჩაატაროს კანონიერი გამოძიება იმ პირებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებმაც აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რათა დაიცვას თავისი პირობა კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და გაატაროს რეფორმები, რომლებსაც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს და რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 კომენტარი