შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. უწყების პრესსპიკერ მეთიუ მილერის თქმით, ზომები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებსა და პოლიციელებს შეეხება. როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები რუსული სტილის კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოაცხადა.
„სანქციები ეხება საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს. ქმედებები, რომელთა გამოც დაწესდა ხსენებული ზომები, მოიცავს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვას, მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებასა და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის ისტორიული დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მაგრამ, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები.
ეს არის სანქციების პირველი პაკეტი. ჩვენ, როგორც წესი, სანქცირებულებს არ ვაცნობებთ საჯაროდ, მაგრამ ისინი აუცილებლად გაიგებენ, შეძლებენ თუ არა შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას.
კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ. ეს ახლა არ არის სწორი შეკითხვა, მაგრამ შეგახსენებთ ყველას, რომ სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია, ამიტომ ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტულს, - განაცხადა მილერმა.
0 კომენტარი