საქართველოს ოპოზიციური პარტიები ამერიკელ კონგრესმენებს ერთობლივი წერილით მიმართავენ და ქართველი ხალხის გვერდით დგომას სთხოვენ. მიმართვის ადრესატი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო ვილსონია, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი „მეგობარი აქტის“ ავტორია. წერილში ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ ამ აქტით გათვალისიწნებულ მხარდაჭერას ქართული დემოკრატია და ქართველი ხალხი დროულად მიიღებს. ოპოზიციონერები ასევე სთხოვენ ამერიკელ კონგრესმენებს, კონკრეტულ ქმედებებს მიმართონ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩაგრავენ და ავიწროვებენ ქართველ ხალხს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონგრესი და სენატი იმუშავებენ ერთად და სწრაფად, რათა უზრუნველყოფილ იქნას იმ კანონმდებლობის სწრაფი მიღება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას და გააფართოვებს ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას, თუმცა, ამავე დროს, შეერთებული შტატების მთავრობას მისცემს საშუალებას, იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, ვინც ავიწროვებს და ჩაგრავს ქართველ ხალხს. მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას, კონკრეტული შედეგების მოტანას მათთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩართულია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ქმედებებში, შეიძლება ჰქონდეს ამ სახიფათო კურსის შეცვლის პოტენციალი. ის ასევე გაუგზავნის სიგნალს ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას დემოკრატიისადმი ერთგულებასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვაში.
უახლოეს თვეებში, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ წერტილს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლასა და ძალადობას, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, მოხარული ვიქნებოდით ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მიღებით, მათ შორის პირადი ვიზიტებით, რომელთა მიზანი საქართველოში დემოკრატიის დაცვა იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესმენთა დელეგაციების ვიზიტი საქართველოში დიდ გავლენას მოახდენდა გამძლე, თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხზე და გაუგზავნიდა ძლიერ სიგნალს საქართველოს მთავრობას, რომ ხალხის ხმის ძალისმიერი გზთ ჩახშობა შეუძლებელია. ამ მხრივ, ჩვენ ასევე ვთხოვთ აშშ-ის კონგრესს, გამოიყენოს შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს შესაბამისი დაკვირვება ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი ახლა სასწორზე დევს და ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზეა“, - ნათქვამია წერილში.
0 კომენტარი