აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი8 აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას სერიოზული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და ვაშინგტონის მხრიდან ეს არ არის უბრალო რიტორიკა. მისი თქმით, განიხილება სხვადასხვა ზომები, მათ შორის ფინანსური სანქციები და სავიზო აკრძალვები.
„ორ კვირაზე ნაკლები დრო გავიდა, რაც გამოვაცხადეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მიიღო ეს კანონი. აქ რეალურად არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არა მხოლოდ რიტორიკა. ეს ეხება დახმარების ოდენობას, რასაც ვუწევთ საქართველოს - დაახლოებით $390 მილიონია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტით, ასევე, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს, რის შესახებაც გამოვაცხადეთ. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ და როდის დავაწესოთ ისინი. ასე, რომ თქვენ კიდევ ბევრს მოისმენთ ჩვენგან ამ თემაზე, მაგრამ დღეს ამისთვის მზად არ ვარ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
საქართველოს პარლამენტმა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ სამი მოსმენით 14 მაისს მიიღო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, თუმცა მმართველმა პარტიამ ვეტო 28 მაისს დაძლია, რის შემდეგაც კანონი ძალაში შევიდა.
0 კომენტარი