აშშ-ის კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ჰელსინკის კომისიის“ ეგიდით მოსმენა გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ და კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხეს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი.
ივანე ჩხიკვაძემ თავის სიტყვაში განაცხადა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ამჟამად კვლავ დგას გსაგასაყარზე და რომ ახლა ქვეყნის მეგობრებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა საქართველო კვლავ არ გადაეშვას რუსულ ავტორიტარიზმში.
„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე. საქართველო ან გააგრძელებს თავის სწრაფვას, რათა ერთიანი ევროპის ნაწილი გახდეს ან კიდევ ერთხელ იქცევა რუსეთის უკანა ეზოდ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. მაღალია საფრთხე, რომ მიმდინარე არჩევნები ჩატარდება კრიტიკული მედიის, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე. კანონი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს მოღალატეებად და უცხოელ აგენტებად შერაცხავს. კანონის ოფიციალურად ამოქმედებამდეც კი ბევრი მშვიდობიანი მომიტინგე სახელმწიფო ტერორის ქვეშ აღმოჩნდა. ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე ეხება საქართველოს დემოკრატიის გზიდან გადახვევის შეჩერებას. სასწორზე ბევრი რამ დევს. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება, თუ საქართველოს ამერიკელი მეგობრები ახლა არ იმოქმედებენ. ვაფასებთ ყველა განცხადებას, მაგრამ ამავდროულად გჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა ივანე ჩხიკვაძემ.
საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ ვაშინგტონს მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არსებობს „ქართული ოცნების“ მიერ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე უკანონო ქმედებების, მათ შორის რეპრესიების საფრთხე.
„ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ” უფრო პრო-რუსული და ანტი-დემოკრატიული კურსი აირჩია. ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა საქართველო შეიძლება „გადასახადების თავშესაფრად” აქციოს „შავი ფულისთვის“. „უცხოური აგენტების კანონმა”, რომელიც რეპრესიულ რუსული კანონზე დაყრდნობით შეიქმნა, დამოუკიდებლობის შემდეგ უდიდესი საჯარო პროტესტი გამოიწვია. „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. აშშ-მა უფრო მკაცრი სავიზო პოლიტიკა გამოაცხადა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ახშობს. როგორც რუსეთში, მთავრობამ შეიძლება წვდომა აუკრძალოს დამოუკიდებელ საარჩევნო დამკვირვებლებს, აკრძალოს რეკლამა და არჩევნებზე კანდიდატები არ დაუშვას. „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს სხვა გზითაც შეიძლება მიბაძოს - მან შეიძლება აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებსაც “არასასურველად” მიიჩნევს. მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის”, თუ ისინი რეპრესიებს მიმართავენ. აშშ-ს შეუძლია მეტ პიროვნებას დაუწესოს სანქციები, დაბლოკოს მათი აქტივები და ამერიკელებს მათთან საქმის წარმოება აუკრძალოს. კოორდინირებული ამერიკული და ევროპული ზომები საუკეთესოა“, - განაცხადა უილიამ კორტნიმ.
ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა ნატალი საბანაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია შეუერთდა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს.
„საქართველო, თუ დღეს თავს გრძნობს თავისუფალ ქვეყნად, იგი არის დაუმორჩილებლობის, სახალხო პროტესტის შედეგი და ამ პროტესტებზე პასუხად „ქართული ოცნების“ რეჟიმი სტალინის მეთოდების აღდგენას ცდილობს. ის ეძებს გლობალურ მტრებს. დაშინება, მუქარა ყოველდღიური მოვლენაა. დღევანდელ საქართველოში დემოკრატია განადგურებულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ერთი არაანგარიშვალდებული კაცის დავალებით უმრავლესობა ცვლის საქართველოს გრძელვადიან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ანადგურებს 30-წლიან მეგობრობას და პარტნიორობას. მმართველი რეჟიმი არღვევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის ოცნებას. რუსული კანონი სიმპტომია და არა მთავარი მიზეზი არსებული პოლიტიკური კრიზისის და საქართველო არ არის გამონაკლისი, რამეთუ ავტოკრატიული რეჟიმები რუსეთიდან ვენესუელამდე იღებენ მსგავს კანონებს, რათა საკუთარი თავი აღჭურვონ რეპრესიის ლეგალური ინსტრუმენტებით, გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება და მოიპარონ არჩევნები არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ თვეებით და წლებით ადრე. საქართველოს მთავრობა შეუერთდა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ უნდა გაიყოს ახალი რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს“. - განაცხადა საბანაძემ.
კონგრემენმა ჯო უილსონმა საქართველოში არსებულ ვითარებასთან და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთს სულ უფრო მეტად უახლოვდება და ვლადიმერ პუტინსა და სხვა ავტორიტარულ მმართველებს ემსგავსება.
უილსონმა ისაუბრა მოახლოებულ გადამწყევტ არჩვენებზეც. უილსონი მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვასთან დაკავშირებით, „მეგობარი აქტის“ შესახებ კი აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი.
მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ და ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.
„აშშ-მა საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მომავალზე ეს თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. სწორედ ამიტომ, მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას ვიზის აკრძალვების შესახებ ყველა იმ პირისთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. თუმცა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ. ეს კანონმდებლობა სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებსა და სახელმძღვანელოებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებში. ის ასევე შექმნის ანგარიშს, რომელშიც ხაზი გაესმება საქართველოში მავნე რუსული და ჩინური გავლენების დონეს, ასევე იმას, როგორ გადაიჯაჭვა ეს გავლენები მჭიდროდ საქართველოს საკვანძო პირებთან. ის ასევე მოსთხოვს აშშ-ის ადმინისტრაციას, სწრაფად შექმნას წინასაარჩევნო ოპერატიული ჯგუფი საქართველოში, რომელიც სასწრაფოდ იმუშავებს, რათა საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე დემოკრატიული გარემოს შენარჩუნებაში დაეხმაროს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
0 კომენტარი