უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ შესაძლოა ბრიუსელის მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების გადახედვა გამოიწვიოს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ მიენიჭა, მაგრამ ახლა ეს პირობები ირღვევა და მის შეჩერებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება. ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი ბრიუსელში რეაგირების ერთ-ერთ ვარიანტად ნამდვილად განიხილება.
"ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობებით. ახლა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება და წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით და ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
0 კომენტარი