უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონი ძალაში შევიდა. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კანონს ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში დარეგიოსტრირების ვალდებულება 1 სექტემბრიდან გაუჩნდებათ.
„დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს ოპოზიციური პარტიები, მოსახლეობის დიდი ნაწილი და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საზიანოს და ხელისშემშლელ ფაქტორს უწოდებენ.
მიუხედავად ამისა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანონი საქართველოს ინტერესებს ატარებს.
0 კომენტარი