საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოოდ დამტკიცებას ეუთოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისიც” (ODIHR) აკრიტიკებს და მმართველ პარტიას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ეუთო/ოდირი წერს, რომ კანონი შეუთავსებელია, როგორც დემოკრატიულ სტანდარტებთან, ისე ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან.
ოდირის დასკვნაში წერია, რომ საქართველოში ახლადდამტკიცებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის მიერ ეუთოს წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან.
ოდირის დასკვნით, კანონი ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს.
დასკვნის თანახმად, კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად" მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო განსაზღვრავს, ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ მოთხოვნებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კანონი არ ემსახურება არც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებში ასახულ ლეგიტიმურ მიზანს და არც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს.
„კანონი ძლიერ ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და პირადი ცხოვრების უფლებებზე. ამასთან, ჯარიმების დაკისრება კიდევ უფრო გაამწვავებს ამ უფლებათა შელახვას“, - ნათქვამია ოდირის დასკვნაში.
0 კომენტარი