„ქართული ოცნების“ მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის საბოლოოდ დამტკიცებას სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. კომენტარი უწყების პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
„აშშ გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით მმართველმა პარტიამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. "ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების მოწოდებები, რომლებმაც მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს, შეიძლება დაუწესდეთ სავიზო შეზღუდვები, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში მგზავრობას. შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას თქვა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს. აშშ აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის იღწვიან“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
0 კომენტარი