ევროკომისია საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო დამტკიცებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და უგულვებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები და მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ.
ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ გაცემული ცხრა რეკომენდაციიდან როგორც მინიმუმ სამის დარღვევას (დეზინფორმაციასთან ბრძოლა; პოლარიზაციის დაძლევა; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა) და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამდეც არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება ექცეოდა პროგრესს ხსენებული ცხრა რეკომენდაციის მიმართულებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. ჯერ კიდევ არის დრო ამ დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი პარტიის მიერ ვალდებულების აღება.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
0 კომენტარი