ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ დამტკიცებას ეხმაურებიან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციას შეაჩერებს.

„ძალიან სევდიანი დღეა საქართველოსთვის. ამ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას აჩერებს და ამ გადაწყვეტილებით სარგებელს ვერავინ მიიღებს. თითქმის ვერავინ“, - წერს ლანდსბერგისი.

მსგავსი განცხადება გააკეთა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„მიუხედავად სახალხო წინააღმდეგობისა და საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს საბოლოოდ დაამტკიცა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რათა ოპოზიცია, მედია და არასამტავრობო ორგანიზაციები გააჩუმოს. სანამ მმართველი პარტია მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის წევრობის გზაზე“, - წერს დანიიის საგარეო უწყება.

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი კი წერს, რომ 2024 წლის 28 მაისი საქართველოსთვის ტრაგიკული დღეა.

„ტრაგედიაა. საქართველო ასცდა დემოკრატიასა და ევროპას, რათა იმოძრაოს დიქტატურისკენ და რუსეთისკენ. ვინ იგებს ამით? არა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა“, - წერს მაკფოლი.


პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა კი ევროკავშირს სთავაზობს, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის მსგავსი ნაბიჯი გადადგას და სპეციალური აქტი მიიღოს.

„კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის ფასი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების სურვილს. მოვუწოდებ ჰელსინკის კომისიას, ქართველების დემოკრატია და ევროპული არჩევანი დაიცვას. ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი, რათა გაგზავნოს მკაფიო მესიჯი: ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში გადასვლაზე“, - წერს ფოტიგა.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *