შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილს მიმართავს. ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები ქართველ კოლეგას ოფიციალურ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ასევე შეწყდეს ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. „გაიწვიეთ რუსული კანონი და დარჩით ევროპულ გზაზე!“ - წერს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი და წერილს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.
"საქართველოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შემაშფოთებელია, რადგან თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებითაც ვალდებული ხართ იხელმძღვანელოთ და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის სული და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან. არსებული კანონი ცდილობს გააჩუმოს მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასახმარებლად.
მოგიწოდებთ, გააუქმოთ ეს კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებთან. ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ხალხის შეკრების უფლების დაცვით და შეწყვიტოთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ", - ნათქვამია წერილში.
0 კომენტარი