საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე იღებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჯუზეპ ბორელმა ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა კომიტეტის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. ბორელი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა და არ მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამავე დროს, უმარლესი კომისრის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე დაიწყეს შესაბამისი ზომების შესახებ მსჯელობა, თუ კანონი ძალაში შევა.
„ვისაუბრეთ საქართველოზე. გვქონდა დისკუსიები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი და მძიმე საკითხია, მაგრამ სხვები მიიჩნევენ, და სამართლიანადაც, რომ ეს კანონი ევროპული ნორმებისა და ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული. ნახსენები იქნა ვენეციის კომისიის დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხრიდან ყველაზე სწორი და გამართლებული ზომების განხილვა, თუ კანონი მიღებულ იქნა და გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისში დაგეგმილ საგარეო საქმეთა კომიტეტზე. ასევე განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები, სადაც ქართველები ხმას მისცემენ თავიანთი ქვეყნის კურსს, ხოლო მთავრობის ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა, ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა ჯუზეპ ბორელმა.
0 კომენტარი