ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, რომელშიც წერს, რომ ის და პრეზიდენტი ბაიდენი შეშფოთებით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჰარისი მიესალმება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა ვეტოს უფლება ამ „ანტიდემოკრატიული ინიციატივის მიმართ“ და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ქართველი ხალხის გვერდით იდგება.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,
პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათ შორის ვეტოს უფლების გამოყენებას ამ ანტიდემოკრატიული ინიციატივის მიმართ, რითაც ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ დადგა.
შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია, რაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რაც ხელს უწყობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას.
ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მომავალი ევროკავშირსა და ნატოში სურს. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, - წერს კამალა ჰარისი.
0 კომენტარი