დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში შექმნილ სიტუაციაზეც იმსჯელებენ. დისკუსიების დაწყების წინ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითებში ჯუზეპ ბორელმა.
„დღეს მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ. საქართველოს შესახებ დღეს იქნება მხოლოდ არსებული სიტუაციის პირველადი შეფასება“, - განაცხადა ბორელმა.
კომენტარები გააკეთეს საგარეო საქმეთა მინსტრებმაც. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს შესაძლოა კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
„დღეს იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საჯარო განხილვა. ვფიქრობ, ამჟამინდელი მოვლენები აისახება და იმედი მაქვს, რომ იქნება მკაფიო სიგნალი ბრიუსელიდან, რომ, თუ ეს კანონი მირებულ იქნა, საქართველო ევროპულ გზას ვერ გააგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა გარკვეული პირობით, გაუქმდება. პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
0 კომენტარი