ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობიოს დღეს ულოცავს და საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე. ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური მომავლისკენ სვლაში.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების, ასევე რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.
ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორის იმ ისტორიული მიღწევის გამო, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად იქცეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ სწორი მიმართულებით იაროს.
ამ დღეს, როდესაც ქართველები მთელ მსოფლიოში ზეიმობენ, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატიის აშენებაში, რაც მის მოქალაქეების განუხრელი ნებაა და რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
0 კომენტარი