ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ რჩებია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების ერთგული და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კანონი, რომელიც სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს გამოუთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო აცხადებს, რომ კვლავაც გააგრძელებს ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მხარდაჭერას.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩვენს ასოცირებულ წევრ საქართველოსთან რამდენიმე დღეში 25 წელი შეუსრულდება. ამ ურთიერთობის მნიშვნელობა ასახულია საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მუშაობაში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის ერთგული. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ გაგებით, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში.
თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატოს წევრობისთვის.
კანონი ე.წ. „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებს. თუ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს გამოუთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს.
კანონის ხელახალი წარდგენით და მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება, მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხა და უგულებელყო უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.
საქართველო გზაჯვარედინზე დგას.
თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაუქმდეს.
ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და ნატოში. მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს და ჩვენ გავაგრძელებთ მათი მისწრაფებების მხარდაჭერას“, - ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადებაში.
0 კომენტარი