„ქართული ოცნება" მზად არის, მოახრჩოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები“ - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა და შეერთებული შტატების სენატში უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ისაუბრა. ის საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და მოუწოდებს მმართველ პარტიას, რუსული კანონი გაიწვიოს.
„საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და მის დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს. Მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, პარტია „ქართული ოცნება“ მზად არის მოახრჩოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი პოლიტიკური ოპოზიციაა, ის საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ქრონიკულად არის დაყოფილი.
პარტიული ლიდერების უსუსურობის მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სრულიად აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების სურვილი. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ მკაფიოდ ევროპული მომავალი სურთ.
მათ სწამთ, რომ დასავლეთის სამეზობლოში დემოკრატიულ ქვეყნებს შორის თავის დამკვიდრება, სადაც უპირატესია კანონის უზენაესობა, მათ საუკეთესო ინტერესშია.
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით აიღებს კურსს საქართველო - აღმოსავლეთით, თუ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენივე ინტერესებშია, დავდგეთ იმ თავისუფალი ადამიანების გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როცორიცაა პუტინი და სი ძინპინი. ეს ასევე ეხება ტაივანსა თუ უკრაინას, ესტონეთსა თუ იაპონიას. ასეა საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები.
და რატომ არიან რუსები შეპყრობილი საქართველოს მომავლის გაკონტროლების იდეით? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პუტინის ნეოიმპერიალისტური ფანტაზია.
გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში, საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე, ცივილიზებული სამყაროს გზაჯვარედინზე იდგა. ეს კრიტიკული რესურსების საკვანძო სატრანზიტო პუნქტია. დღეს ის, სომხეთთან ერთად, სასურველ სახმელეთო ხიდს წარმოადგენს, რომელიც ავტორიტარ პარტნიორებს აკავშირებს მოსკოვსა და თეირანᲨი.
ქართველ ხალხს კონფლიქტებისა და დაპყრობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. მათ აქვთ გამძლეობის ხანგრძლივი ტრადიცია და მდიდარი კულტურაც გააჩნიათ, რომლითაც უნდა იამაყონ. მათ იციან, რომ არსებობს განსხვავება რუსეთისთვის თავის დახრასა და დასავლეთისკენ მიბრუნებას შორის.
ასე რომ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს მთელი დასავლეთის მასშტაბით, მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი იამაყებენ - მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა მათ წვრილმან უთანხმოებებს გვერდზე გადაადებინებს და გააერთიანებს.
რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა იყოს ის მომენტი, როცა საქართველოს მმართველი პარტია გააცნობიერებს თავისი ხალხის ნების უგულვებელყოფის საფასურს, რაც პუტინის ახირებების შესრულების მიზნით ხდება, და დროულად შეაჩერებს დასავლეთთან ურთიერთობის წყალში გადაყრის პროცესს.
იმედი მაქვს, თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები ქვეყნის სუვერენიტეტს რუსეთისადმი მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და პარლამენტიდან „რუსულ კანონს“ გაიწვევენ“, - აცხადებს მიტჩ მაკკონელი.
0 კომენტარი