ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს მიღებული კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შემდგომი გაგრძელებისა და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების შესახებ.
სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ეს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, არსებითად ექვივალენტურია რუსეთის „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ და არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.
„საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ქვეყნის მიერ გაცხადებულ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზნებს და მათ შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციისა და დემოკრატიის კუთხით“, - ნათქვამია მიღებულ დოკუმენტში.
სეიმი ასევე კატეგორიულად გმობს ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დემონსტრაციების გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართ, ასევე ცილისწამების, დაშინებისა და პირდაპირი ფიზიკური ძალადობის ორგანიზებულ კამპანიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, რაც მიუღებელია, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.
ლიტვის პარლამენტმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს თავისი სამოქალაქო პოზიციისა და ქვეყნის ევროპული მომავლის თავისუფლად გამოხატვის უფლების დაცვაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სეიმი მხარს უჭერს უკვე გავრცელებულ საერთაშორისო განცხადებებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
სეიმმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, განიხილონ შესაძლო საპასუხო ზომები, თუ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევს, დაამტკიცებს ამ კანონს და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას.
0 კომენტარი