„ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის ნიშანი არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჰამასის ლიდერებზე დაკავების ორდერი უნდა გაიცეს.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ ვგმობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებას ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის შესახებ. რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს ორდერი, ისრაელსა და ჰამასს შორის ტოლობის ნიშანი არ არსებობს. აშკარაა, რომ ისრაელს სურს გააკეთოს ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას. ამავე დროს, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების საწინააღმდეგოდ, რაც ღაზაში ხდება, ეს გენოციდი არ არის, ჩვენ ამას უარვყოფთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით და მის უსაფრთხოებას დავიცავთ“. - განაცხადა ბაიდენმა
კარიმ ხანის განცხადებაზე კომენტარი ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ ისტორიული მასშტაბის მორალურ დაცემას წარმოადგენს. ეს საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
საინტერესოა, რომ კარიმ ხანის განცხადებას არც ჰამასის ლიდერები ეთანხმებიან. მათი აზრით, მოძალადესა და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშნის დასმა მიუღებელია.
0 კომენტარი