ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოსთან ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, ასევე გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ თბილისი შეწყვეტს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას.
ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.
სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობების მიხედვით, ვაშინგტონი დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, თუ საქართველოს მიერ ძირითადი პოლიტიკური კრიტერიუმები იქნება უზრუნველყოფილი.
ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად იქნება შესაბამისობაში რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად, ასევე წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდასაჭერად“.
თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დადასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“.
0 კომენტარი