„ახლა საქართველო გზაჯვარედინზეა და ის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, არ მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსულ რიტორიკაზეა გადასული, ბიძინა ივანიშვილმა კი ფაქტობრივად დასავლეთს ომი გამოუცხადა.
ქალბატონო პრეზიდენტო, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს კანონპროექტი შეჩერდეს ან გაწვეულ იქნას?
ეს კანონი შარშან უკვე იქნა ჩაგდებული, რისი მიზეზიც ასეთივე მასობრივი დემონსტრაციები იყო, ასევე პროტესტი და დაგმობა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ. თუმცა, წელს მათ კვლავ დააბრუნეს ეს კანონპროექტი პარლამენტში, მიუხედავად დაპირებისა, რომ ამას არასდროს იზამდნენ. გარდა ამისა, ის, თუ როგორ იქნა განხილული ეს კანონი სასწრაფო რეჟიმში და ისე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი არ დაასწრეს ამ განხილვას, მაფიქრებინებს, რომ ამჯერას ისინი ამ პროცესის შეჩერებას აღარ აპირებენ. გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, გაიწვევენ თუ არა ამ კანონს ისევ, იმიტომ რომ ფართო სურათი ძალიან შემაშფოთებელია. მათ სხვა კანონებიც მიიღეს, მიუხედავად ევროკავშირის რეკომენდაციებისა, რომ ეს გამოიწვევდა ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას. ზოგადად, ერთის მხრიც არის ასეთი კანონები და მეორეს მხრივ ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. დაწყებული მათი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვლისგან დამთავრებული პარტიის რიგითი წევრებით ისინი აცხადებენ, რომ დასავლეთი, რომელიც წლების განმავლობში გვეხმარებოდა ქვეყნის აშენებაში, ახლა ცდილობს საქართველოში არეულობის მოწყობას და მთავრობის დამხობას. ეს არის რუსული სტილი.
რას ნიშნავს ეს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის?
ეს ნიშნავს, რომ ახლა საქართველო გზაჯვარედინზეა და ის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, არ მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე. სწორედ ეს იწვევს მასობრივ დემონსტრაციებს საქართველოში. 200 000-მდე ადამიანი გამოვდია ქუჩაში და ეს პროტესტი უკვცე 38-ე დღეა რაც გრძელდება, რადგან არსებობს იმის შიში, რომ ჩვენ ვკარგავთ ძალიან კარგ შანსს და ეს შანსი შესაძლოა მომავალში აღარ გაგვიჩნდეს და ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რადგან ახლოვდება არჩევნები და გარდა ქუჩაში დაფიქსირებული პოზიციისა, ახლა ხალხმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს არჩევნებზე, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება რეფერენდუმის მსგავსი არჩევნები.
რამდენად შემაშფოთებელია ძალადობის ესკალაცია და დემონსტრანტებზე თავდასხმები?
ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ რომ ეს არის უკიდურესად მშვიდობიანი დემონსტრაცია. ქუჩაში არის ახალგაზრდა ხალხი, მაგრამ არა მხოლოდ ისინი და ამ 38 დღის განმავლობაში არც ერთი მანქანა არ დამწვარა და არც ერთი მაღაზიის ვიტრინა არ ჩამსხვრეულა. თუმცა, ჩვენ მაინვ ვხედავთ ძალადობას უშიშროების ძალების მხრიდან და ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ ამ ძალადობის ესკალაცია მოხდება. სწორედ ამიტომ მგონია, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ჩვენმა პარტნიორებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს ძალადობა და დაშინება. ხალხს საკუთარ სახლებთან აპატიმრებენ, მას შემდეგ რაც დაინახავენ და ფოტოებს გადაუღებენ აქციებზე. ასე რომ, უნდა იყოს ზეწოლა დასავლეთიდან და ასევე მომზადება არჩევნებისთვის.
თქვენ ამ კანონს „რუსული კანონი“ უწოდეთ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა იმის თაობაზე, თუ ვის გვერდით დადგეს ქვეყანა - რუსეთისა თუ დასავლეთის?
არ არსებობს არანაირი ბრძოლა საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რუსეთთან უნდა ვიყოთ თუ დასავლეთთან. საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ბევრი დამპყრობლისგან იბრძოდა საუკუნეების განმავლობაში და მათ შოპრის რუსეთისგან 1801 წლიდან დაწყებული. ასე რომ, ქართველებისთვის სრულიად ნათელია, ვის სურს ჩვენი ოკუპაცია და ვინ არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი.
თქვენი აზრით, რაში დასჭირდა მმართველ პარტიას ეს კანონი?
ეს მათ უნდა ჰკითხოთ, იმიტომ რომ მე ამაში აზრს ვერ ვხედავ. ეს კანონი რომ არ შემოეტანათ, შეიძლება ოქტომბერში არჩევნები უპრობლემოდ მოეგოთ. გასული წლის დეკემბრამდე მათი რიტორიკა იყო, რომ სწორედ მათი დამსახურება იყო ევროკავშრთან დაახლოება და მომავალში მეტსაც გააკეთებენ, ახლა კი ეს შეიცვალა და ცვლილება ნათლად გამოჩნდა მათი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში 29 აპრილს, როდესაც მან ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.
0 კომენტარი