„არ შეიძლება, ცალი ფეხით რუსეთში იდგე და ევროკავშირში გაწევრიანება გინდოდეს“, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არის რუსული სტილის, რადგან ეწინააღნდეგება იმ ფასეულობებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას.
„არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ყურადღებას გავამახვილებს. პირველი არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ამ ქვეყნის მოსახლეობის 86%-მა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწვერიუნება, უნდა იცოდეს, რომ ევროპა მათ გვერდითაა. მეორე არის გზავნილი მთავრობას, რომ ჩვენ არ მოვტყუვდებით, თითქოს ეს კანონი, რომელმაც მესამე მოსმენა გაიარა და ახლა პრეზიდენტის ვეტოს ელის, ეხება გამჭვირვალობას. ნათელია, რომ ეს კანონი მიმართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ამიტომ, ეს კანონი ეწინააღდეგება იმ ფასეულობებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას. აქედან გამომდინარე, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო: ამ კანონის მიღებით გზა ევროავშირისკენ არა უბრალოდ რთულდება, არამედ ეს გზა საერთოდ აღარ არსებობს. გული მტკივა, ამ სიტყვებს რომ ვამბობ, მაგრამ ეს უნდა ითქვას. არ შეიძლება ცალი ფეხით რუსეთში იდგე და ევროკავშირში გაწევრიანება გინდოდეს“, - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
0 კომენტარი