ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას და თბილისის ქუცებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან.
„თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე, ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით კი უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, მის ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის და დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს აყენებს. „ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს“, - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას, - ეს კი ევროპული საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის სიტყვებია, რომლებიც მან კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წაროთქვა.
„ძალიან ნათელია, რომ რუსეთს სურს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მცდელობას ყველგან, სადაც შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველას, ვინც საქართველოშია და ვიცი, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, დაუახლოვდეს ევროკავშირს და სურს, ევროკავშირში გაწევრიანება. მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა მიშელმა.
0 კომენტარი