აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსმა, წამყვანმა წევრმა მაიკლ მაკკოლმა, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე უილიამ კიტინგმა და მაღალი რანგის წევრმა თომას კინმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც უცხოური აგენტების შესახებ კანონს გმობენ.
წერილს ასევე შეუერთდა 25 კოლეგისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი, მათ შორის კონგრესის ფრაქციის თანათავმჯდომარეები: რესპუბლიკელი ჯორჯ ოსტინ სკოტი და დემოკრატი ჯერი კონოლი.
„უცხოური აგენტების კანონი საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას დევნოს, სტიგმატიზაცია მოახდინოს და დააჯარიმოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მათ შორის ისინი ვინც მიიღო მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან და ევროპელი პარტნიორებისგან. ეს კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც 2009 წლის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას. საქართველოში სიტუაცია ნათელია: მთავრობას შეუძლია მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმას ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელის არჩევა აიძულებს შეერთებულ შტატებს, ფუნდამენტურად გადახედოს ჩვენს ურთიერთობებს“, - წერენ ამერიკელი კანონმდებლები.
0 კომენტარი