თბილისში ვიზიტით მყოფი ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წევრი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
„ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში. ამიტომ, ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს უცხოელი აგენტების კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ იტყის უარს ამ კანონის მიღებაზე. მე ვერ ვხედავ იმის შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, თუ ეს კანონი იქნა მიღებული და გზავნილი ევროკავშირისგან არის ძალიან მკაფიო. მე მივესალმები ხალხს, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებს. ამ გამოწვევებით სავსე დროს თბილისი არის ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქი და მე იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა საშუალება, ვესაუბროთ პარლამენტის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას“, - განაცხადა მიხაელ როთმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
0 კომენტარი