საქართველოს თავისი მაიდნის მომენტი უდგას. უკრაინასთან პარალელები სულ უფრო მატულობს და ისმის ორი შეკითხვა: „როგორ უპასუხებს ამას ევროკავშირი და აშშ?“ და „უდგათ თუ არა ქართველ დემონსტრანტებს „იანუკოვიჩის მომენტი“, რომლის დროსაც ისინი მთავრობის დამხობას შეეცდებიან?“ პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მეორეზე კი მარტივი - არა.

ისევე, როგორც კიევში 2014 წლის ზამთარში, საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც უამრავი ადამიანი გამოდის ქუჩებში. პროტესტის უშუალო მიზეზი არის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და რომელსაც მხარს უჭერს მისი ლიდერი და ბანკირი, მილტიმილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

ასევე, უკრაინის მსგავსად, ნამდვილი პრობლემა უფრო ღრმაა და ის ეხება იმას, თუ როგორი მომავალი სურთ ქართველებს, როდესაც მთავრობა, რომელიც სიტყვიერად მუდამ ემხრობა ხალხის ნებას, რეალურად, როგორც ჩანს, გზას მოსკოვისკენ ირჩევს.

უკრაინაში ქვეყნის მაშინდელი კორუმპირებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოვიდა დამარცხებული. მიუხედავად პოლიციის, სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული ავაზაკების და სნაიპერების მობილიზებისა, ის დემონსტრანტების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და საბოლოოდ რუსეთში გაიქცა. გასულ კვირას საქართველოში უკრაინელი ავაზაკების, ე.წ. ტიტუშკების ასლები გამოჩნდნენ, რომლებიც საპროტესტო აქციების ლიდერებსა და ოპოციონერ პოლიტიკოსებს გაუსწორდნენ მათივე სახლების მახლობლად. მიუხედავად ამისა, ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთი უზარმაზარი აქცია გაიმართა თბილისის ცენტრში.

ამავდროულად, მთავრობა აცხადებს, რომ აგროვებს მომიტინგეებისა და სხვა არასასურველთა მონაცემთა ბაზას. ამ სიაში შემავალი ზოგიერთი ადამიანის, მათ შორის ჟურნალისტების, ფოტოები გაკრულია იმ უბნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, და თანდართულია წარწერებით: „ხალხის მტერი“. ეს არის შემზარავი რამ, რაც ცხადყოფს მთავრობის განზრახვას, გამოიყენოს უცხოური აგენტების კანონი ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს - რეპრესიის იარაღად ოქტომბრის არჩევნების წინ.

საგარეო აგენტის კანონპროექტი, რომელსაც, როგორც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, პარლამენტი რამდენიმე დღეში მიიღებს და პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოწერისთვის, როგორც ჩანს, შემუშავებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესაჩერებლად. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტზე ვეტოს დადების პირობა დადო და გააფრთხილა სამართალდამცავი ორგანოები, არ შეასრულონ ბრძანებები საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობის შესახებ.

საქართველო იყო პირველი, სადაც ე.წ ფერადი რევოლუცია მოხდა 2003 წელს და ასევე გამოსცადა რუსეთის შეჭრა 2008 წელს. შედეგი არის ის, რომ რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი, რუსული ტანკები კი დედაქალაქ თბილისიდან 56 კილომეტრის დაშორებით დგას. პუტინის სამხედრო ძალები დღეს შესაძლოა სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები, მაგრამ მისი პასუხი თბილისში კიდევ ერთ პროდასავლურ პოპულარულ „გადატრიალებაზე“ რთული საპროგნოზო არ არის. ამიტომ, სჯობს ოპოზიციურმა პარტიებმა და მომიტინგეებმა, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ფოკუსირება მოახდინონ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაზე.

მაგრამ, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? ევროკავშირი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია, მას სურს მხარი დაუჭიროს მოსახლეობას, რომელსაც სურს გაწევრიანება, მაგრამ ამავე დროს არ დააჯილდოვოს მთავრობა, რომელიც, არსებითად, მილიარდერმა იყიდა.

სანქციები, რომლებიც ახლა დასავლეთისთვის პირველი იარაღია, უკვე განიხილება ვაშინგტონში. მე, როგორც წესი, არ ვარ ამის მომხრე, რადგან ეს ნელა მოძრავი ინსტრუმენტია და უფრო სავარაუდოა, გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, ვიდრე მიზანს მიაღწიოს. მაგრამ, თუ აშშ-ის ხაზინა და ევროკომისია სწრაფად იმოქმედებენ, ეს შეიძლება იყოს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი პიროვნების დასანქცირება შეცვლის ვითარებას.

ივანიშვილის მილიარდები გადამწყვეტია მისთვის და „ქართული ოცნებისთვის“. მას პირობით დეპონირებაზე 1 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მიბმული და ელოდება სასამართლოს მიერ იმ სააპელაციო საჩივრების განხილვას, რომლებიც გრძელვადიან დავაში მოიგო Credit Suisse-თან. მაგრამ ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და რომლის ქონებაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, როგორც ჩანს, უფრო მეტად ღელავს იმ ქონებაზე, რომელსაც სხვაგან ფლობს.

გასულ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა კანონის მიღება დაჩქარებული პროცედურებით, რომელიც საშუალებას იძლევა, საქართველოში ფულადი სახსრების გადარიცხვას ოფშორული ანგარიშებიდან 2028 წლის იანვრამდე მოხდეს. 2021 წლის დეკემბერში ანტიკორუფციული სააგენტო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ივანიშვილს იმ დროს ჰქონდა მინიმუმ 20 ოფშორული ანგარიში.

მთავრობა ამბობს, რომ კანონის მიზანია, წაახალისოს ქართული კომპანიები, რომლებსაც ოფშორებში არის რეგისტრირებული გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, თავიანთი კაპიტალი და შემოსავლების ნაკადები სახლში დააბრუნონ. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამას სკეპტიკურად უყურებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი დაჩქარებულად მიიღო. კანონს შეუძლია ივანიშვილს საშუალება მისცეს, დააბრუნოს თანხები საქართველოში და ასე დაიცვას თავისი ფული დასავლური სანქციებისგან. ის ასევე რისკავს, რომ თავად საქართველო გადაიქცევა მიმზიდველ ოფშორულ თავშესაფრად მდიდარი რუსი ბიზნესმენებისა და კრიმინალებისთვის. ამიტომ, შესაძლოა სანქციები დაგვიანებული არ იყოს და, თუ მთავრობები სწრაფად იმოქმედებენ, ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოფშორის კანონს 3 მაისს ვეტო დაადო, თუმცა შეფერხება ხანგრძლივი არ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი უმრავლესობა იმისათვის, რომ გადალახოს ზურაბიშვილის ვეტო, როგორც ოფშორების, ასევე უცხოური აგენტების კანონზე.

ამიტომ, ახლა ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი თანამდებობის პირის აქტივების გაყინვა პირდაპირ გავლენას მოახდენს იმავე ადამიანზე, ვინც აფინანსებს და აკონტროლებს მთავრობას. თუ ეს შეიძლება გაკეთდეს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *