ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს სტატიას, რომლის ავტორი, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ავტორი წერს, რომ თუ რუსეთისადმი მეგობრული „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას საპროტესტო გამოსვლების გამო საფრთხე შეექმნა, მოსკოვმა შესაძლოა ქვეყანაზე კონტროლის დამყარება ძალისმიერი მეთოდით სცადოს. ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ საუკეთესო გამოსავალი უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა და ქვეყნის დამშვიდება იქნება.
ბოლო დღეებში ასობით ათასი ქართველი გამოვიდა დედაქალაქის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინა საკამათო კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მას „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს უწოდებს, ოპონენტები კი „რუსულ კანონად“ მოიხსენიებენ, რადგან ის ეხმაურება კრემლის კანონს, რომელიც შექმნილია პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმების, ჩახშობისა და დახურვის მიზნით. უკანასკნელი ესკალაციის დროს, ქართულმა პოლიციამ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
კანონის მიღების შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებული იქნება განაცხადოს, იღებს თუ არა დაფინანსების გარკვეულ ოდენობას საზღვარგარეთიდან. კანონპროექტის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ზომები შეასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას და საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას. თუ რუსეთში მიღებული გამოცდილებით ვიმსჯელებთ, მათი შეშფოთება საფუძვლიანია.
გასულ წელს საქართველოს მთავრობამ მსგავსი კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში, მაგრამ რამდენიმედღიანი დიდი დემონსტრაციების შემდეგ ის უკან გაიწვია. ახალი კანონპროექტი ძირითადად გასული წლის პროექტის იდენტურია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დემონსტრაციები, რომლებსაც მხარს უჭერენ ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, უფრო მასშტაბურია და საზოგადოების აღშფოთებაც უფრო დიდია, ვიდრე შარშან. საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ჩვეულებრივი მოვლენაა ხალხში, სადაც ახალგაზრდები დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. კანონპროექტმა პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გაიარა. ამ კვირაში ის მეორე მოსმენითაც მიიღეს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მთელი ქვეყნიდან შეკრიბა მოქალაქეები კანონპროექტის მხარდასაჭერ აქციაზე. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ცეცხლოვან სიტყვაში განაცხადა, რომ დასჯის მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
კანონპროექტის მესამე და ბოლო მოსმენა, სავარაუდოდ, 17 მაისს გაიმართება და თბილისში ამ დღეს დიდი მღელვარებაა მოსალოდნელი. კანონპროექტის მიღების შემდეგ ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება, რომელმაც მისთვის ვეტოს დადების პირობა დადო. თუმცა, ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გამოიყენოს თავისი უმრავლესობა პარლამენტში ვეტოს დასაძლევად და კანონპროექტიც კანონად იქცევა.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები განგაშის ზარს რეკავენ. დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა დაგმო ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, მანამდე კი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი „საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო დააშორებს“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ ვაშინგტონი ღრმად იმედგაცრუებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლიდან შთაგონებული „გარე გავლენის“ კანონმდებლობის დაინიცირების გამო. ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ კი სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ეს კანონპროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და არ უწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების თითქმის 80 პროცენტი თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს, კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები გასაკვირი არ არის.
ამასობაში კი მოსკოვის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის გარდა არაფერი ყოფილა. გამოკვეთილმა რუსმა ფილოსოფოსმა და კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი დასავლეთი ქართველებში "ანტირუსული განწყობების" პროვოცირებაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც საჯაროდ დაიცვა საქართველოში დაინიცირებული კანონპროექტი.
2012 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ სათავეში ჩაუდგა კოალიციას, რომელიც დასავლეთისთვის კარგი პარტნიორი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ყოველთვის არსებობდნენ ელემენტები, რომელთა სიმპათიები მოსკოვისკენ იხრებოდა, ისინი მარგინალიზებულები იყვნენ კოალიციის ევროატლანტისტური მეინსტრიმის მიერ. თუმცა, წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ პრორუსული ელემენტები მწვერვალებისკენ მიიწევდნენ და დასავლეთზე ორიენტირებული წევრები მთავრობას ტოვებდნენ.
შედეგი კი არის „ქართული ოცნება“, რომელიც არ ჰგავს 2012 წლის ვერსიას. პარტია ახლა ატარებს პოლიტიკას, რომელიც უსამართლოდ ახდენს პოლიტიკური ოპოზიციის მარგინალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ამ მიზნის მისაღწევად ცოტა რამ კეთდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენა დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, უარი თქვა მათთან შეერთებაზე და გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საჯაროდ დასცინიან შეერთებული შტატების ელჩებს, უკრაინაში მოხალისეებად მებრძოლ ქართველებს კი ხელისუფლება სიძულვილით უყურებს.
შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ კრემლი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. როგორც კი გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ კარგავს ძალაუფლებას, დიდია ალბათობა იმისა, რომ მოსკოვი ჩაერევა - განსაკუთრებით თუ მთავრობის დაცემა მასობრივი დემონსტრაციების შედეგად მოხდება, რაც, კრემლის აკვიატებული მსოფლმხედველობით, იქნება დასავლეთის მიერ ორკესტრირებული მორიგი „ფერადი რევოლუცია“. და თუ თვლით, რომ რუსული შემოჭრის სცენარი არარეალურია, ესე ოგო ბოლო წლების მოვლებისთვის თვალყური არ გიდევნებიათ: რუსი მრჩევლები და უშიშროების ძალები ბელარუსის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს 2020 წლის აგვისტოს მოპარული არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობაში დაეხმარნენ. 2022 წლის იანვარში რუსეთმა მოახდინა სამხედრო ინტერვენცია ყაზახეთში, რამდენიმედღიანი პოლიტიკური ძალადობის შემდეგ წესრიგის აღსადგენად, ხოლო რუსეთის თავდაპირველი შეჭრა უკრაინაში 2014 წელს მოჰყვა „მაიდნად“ წოდებულ რევოლუციას, რომლის შედეგადაც რუსეთის მეგობარი პრეზიდენტი თანამდებობიდან იქნა გადაყენებული. არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ რუსეთი ასეთ რამეს საქართველოში არ გააკეთებს.
რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და კიდევ ერთი რუსული შეჭრა, რომელიც გამოწვეული იქნება საქართველოს კრემლის მეგობარი მთავრობის სავარაუდო დაცემით, შეიძლება ნებისმიერი ფორმისა იყოს. იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან უყვარს ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც ერთადერთი ძალისა, რომელიც რუსეთის მორიგ შეჭრას იცილებს თავიდან, მოსკოვმა შეიძლება გათვალოს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის მრდიდან სამხედრო პროვოკაციამ, თუ ის საკმარისად დრამატული იქნება, შეიძლება შეაშინოს ქართული საზოგადოება და მან უკან დაიხიოს.
კიდევ ერთი სცენარი მოიცავს ასობით ათას რუსს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ჩავიდნენ. შესაძლოა ბევრი მათგანი რუსეთში სამხედრო სამსახურსა და ეკონომიკურ გაჭირვებას გაექცა, მაგრამ არ შეიძლება გამოვრიცხოთ ისიც, რომ კრემლის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებმა ამ დიასპორაში შეაღწიეს. მოსკოვის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მას შეუძლია ჩაერიოს რუსული უმცირესობის „დასაცავად“, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რუსეთის მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებები.
ყველაზე ექსტრემალურ სცენარში, რუსეთს შეუძლია სწადოს მასშტაბური შეჭრა, რათა საქართველო მთლიანად კრემლის ორბიტაში შეიყვანოს. ეს შეიძლება იყოს დაბალი ალბათობის სცენარი, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის გამოწვევებს უკრაინაში, მით უმეტეს ადამიანური ძალისა და აღჭურვილობის მხრივ დიდი დანაკარგების გათვალისწინებით. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ყველაზე გამოცდილი ექსპერტებიც კი გააოცა, არაფერია გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დეტალი ბევრი არ არის, ცნობილია, რომ რუსეთი ბოლო წლებში ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში ბაზირებული რუსული ჯარის ნაწილი უკრაინაში გაგზავნეს. დაახლოებით 2000 რუსი ჯარისკაცი ახლა ტოვებს ყარაბაღის რეგიონს მეზობელ აზერბაიჯანში და არავის შეუძლია გამოიცნოს, სად წავლენ ეს ჯარისკაცები.
რა თქმა უნდა, ქართველების დიდი ნაწილი წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის ინტერვენციას. საქართველოს შეიარაღებული ძალები უკეთ გაწვრთნილი და აღჭურვილნი არიან, ვიდრე რუსეთის ბოლო შეჭრის დროს 2008 წელს, და უფრო მეტი საბრძოლო გამოცდილების მქონე ჯარისკაცი ჰყავს, ძირითადად ავღანეთიდან. ასევე ათასობით ქართველი მოხალისედ იბრძვის უკრაინაში.
რუსეთის კიდევ ერთ სვლას საქართველოში შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა რეგიონში აშშ-ს ინტერესებზე. მაგალითად, საქართველოს კონტროლი მოსკოვს მისცემს წვდომას შავი ზღვის უფრო მეტ სანაპიროზე, იმ დროს, როდესაც მისი საზღვაო ფლოტი დასავლეთ შავი ზღვიდან, მათ შორის ოკუპირებული ყირიმის პორტებიდან, უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების და სარაკეტო დარტყმების შედეგად განიდევნება. საქართველოს თუნდაც მცირე დამატებითი ნაწილის ოკუპაცია ასევე მისცემს რუსეთს კონტროლს ნავთობისა და გაზის ყველა ძირითად სადენზე, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის უზარმაზარ ენერგორესურსებს ევროპასთან;
დაბოლოს, რუსეთის კონტროლი საქართველოსზე დაამყარებს სასურველ სახმელეთო ხიდს სომხეთთან. ეს, თავის მხრივ, შექმნის პირდაპირ სახმელეთო და საჰაერო დერეფანს რუსეთსა და ირანს შორის, როდესაც მათი სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება.
პარკში, რომელიც მდინარე თბილისში მდინარე მტკვრის ნაპირებს გადაჰყურებს, დგას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ბრინჯაოს ქანდაკება. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ქანდაკება ჩრდილოეთისკენ იყურება. ქანდაკება ქართველებისთვის შეიძლება ჩაითვალოს შეხსენებად, თუ რამდენად შორს წავიდნენ ისინი საბჭოთა მმართველობის მჩაგვრელი დღეების შემდეგ. სანამ რუსეთი ჩარევის ცდუნებას დაჰყვება, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში დაპირისპირების ესკალაცია და კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიოს. ეს ის მესიჯია, რომელიც დასავლეთის დედაქალაქებმა თბილისს სასწრაფოდ უნდა გაუგზავნონ.
0 კომენტარი