„იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ იქცეს კანონად. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საუბრობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რადგან ის არ შეესაბამება ევროპულ ფასეულობებს. შეკითხვაზე, რამდენად რეალურია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არ სურს ნეგატიურ შედეგებზე საუბარი და იმედი აქვს, რომ არსებული პრობლემა მალე მოგვარდება.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომლებიც სიტუაციას ძალიან ართულებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოხდეს პროგრესი, ჩვენ ძალიან გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადაინაცვლოს ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე - მოლაპარაკებების დაწყებაზე. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან ამის მისაღწევად. თუმცა, ამისთვის ჩვენ უნდა მოვაგვაროთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პრობლემა. როგორც ევროპელმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, ეს კანონპროექტი უკან იქნას გაწვეული და არ იქცეს კანონად. ვენეციის კომისიას სთხოვეს, რომ წარმოედგინა თავისი მოსაზრება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოსაზრება ძალიან მალე გამოქვეყნდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო პროცედურების საშუალებით ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად. რაც შეეხება ნეგატიურ შედეგებს, ჩვენ აქ ვართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის უმეტესობის ნებაა. ამიტომ, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული და ჩვენ არ მოგვიწევს საუბარი შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე. ამავე დროს, ექვსი თვე გავიდა გაფართოვების შესახებ ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან, 9 ნაბიჯი დაუწესდა საქართველოს, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს და ჩვენ ახლა გვჭირდება აჩქარება, რათა ეს ცხრა ნაბიჯი შესრულდეს. დრო იწურება. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე თვე შემდეგი მოხსენების გამოქვეყნებამდე. ამიტომ, ჩვენ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ და კონცენტრირება მოვახდინოთ აუცილებელ რეფორმებზე“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
ევროკავშირის ელჩმა ასევე ისაუბრა გასული ღამით თბილისში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ შეეფერება დემოკრატიულ ქვეყანას.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს მკაფიოდ და ნათლად, რომ დაშინების, მუქარის, ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, ნებისმიერ გარემოებებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს უნდა შეჩერდეს დაუყოვნებლივ. მე მხოლოდ შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვა გენერალურმა დირექტორმა ხერტ იან კოოპმანმა თვბილისში ვიზიტის დროს: ტემპერატურამ უნდა დაიწიოს, უნდა დაიწყოს სერიოზული საუბარი, რადგან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა. დაშინების, მუქარისა და ძალადობის ადგილი დემოკტარიაში არ არის, მით უმეტეს კანდიდატ ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აცხადებს ჰერჩინსკი.
0 კომენტარი