საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რუსეთი კი მათ შეჩერებას ცდილობს. გასულ კვირას ათიათასობით ქართველი შეიკრიბა დედაქალაქ თბილისში, რათა გაეპროტესტებინა კანონპროექტი, რომელიც პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გაჩუმებას ისახავს მიზნად. პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა, მაგრამ დარბევის მცდელობამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა ქუჩებში.
ეს პოლიტიკური კრიზისი მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში დაინიცირებულმა კანონპროექტმა გამოიწვია. ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ისეთი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველწლიური დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 1992 წლიდან საქართველოს დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო და ქვეყანას ევროკავშირიც ეხმარება. მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული კანონი კი აწესებს გამჭვირვალობის ახალ წესებს და ავალდებულებს ამ სამოქალაქო ინსტიტუციებს განაცხადონ, რომ ისინი „უცხო ძალების ინტერესებს ატარებენ“.
ამ კანონპროექტის მოდელი არის რუსული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც მიღებულია 2012 წელს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ძალაუფლების გაძლიერება გადაწყვიტა. რუსეთის სამოქალაქო ორგანიზაციები მალევე გახდნენ აუდიტის, რეიდების, ჯარიმებისა და სხვა სახის შევიწროების სამიზნე, რამაც ბევრი მათგანი აიძულა საქმიანობა შეეწყვიტა. საქართველოს არაკომერციული ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ინსტიტუტები შიშობენ, ისინიც მალე გახდებიან ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტები.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალობას გააუმჯობესებს, მაგრამ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ისედაც ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ვრცელი დეტალები თავიანთი ფინანსებისა და ოპერაციების შესახებ. კორუფცია და მფარველობის სისტემები საქართველოში საბჭოთა ეპოქის მემკვიდრეობაა, ამიტომ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერას თან ახლავს გარე გამჭვირვალობის მოთხოვნები, რათა ა, დახმარების მიმღებები პოლიტიკური ზეწოლისგან იყვნენ დაცულები.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გასულ თვეში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ღრმად შეშფოთებულია“ ამ ახალი კანონპროექტით. მაგრამ კრემლი საქართველოს მმართველი პარტიის ინიციატივას მხარს უჭერს, რაც კანონის მიზანს კიდევ უფრო ნათელს ხდის. მოსკოვი თავის ჩრდილოვან გავლენას ინარჩუნებს საქართველოში და მასზე ეს ახალი კანონი უარყოფითად არ იმოქმედებს.
მსგავსი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში გასულ წელს პარტია „ხალხის ძალამ“ მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით შემოიღო, თუმცა მაშინ მცდელობა ჩაიშალა, რადგან ქართულმა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა ის დაგმეს, როგორც შეტევა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ, საზოგადოებამ კი მასობრივი საპროტესტი აქციები გამართა.
თუმცა, როგორც ყოფილი პრემიერმინისტრი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება და შედეგი გავლენას მოახდენს იმაზე, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი ამ წლის ბოლოს. ბოლო რეფორმების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტობას განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი წარმომადგენლებისგან.
გასულ კვირას, საჯაროდ გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აპირებს გაანადგუროს თავისი პოლიტიკური ოპონენტები კონკურენტ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „არჩევნების შემდეგ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს სათანადო სასჯელს და გადაიხდის საფასურს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის“, - დაიმუქრა ის.
„ქართულ ოცნებას“ და მის მოკავშირეებს პარლამენტში საკმარისი ხმები აქვთ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მისაღებად და ასევე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, თუმცა მაგრამ პოლიციის ქმედებებმა აქციის მონაწილეები კიდევ უფრო მომართა. ქართველებს ესმით, რომ სწორედ ასე ვრცელდება პუტინიზმი - ეშმაკურად და ეტაპობრივად, ყველაფერი კი მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეების სტიგმატიზებით, დევნითა და შევიწროვებით იწყება.
0 კომენტარი