ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ოფიციალურ განცხადებაში ის შეშფოთებას გამოთქვამს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მეორე მოსმენით მიღებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონის საბოლოოდ მიღებამდე დაელოდოს ვენეციის კომისიის დაკსვნას.
„ძალზედ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა. ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან ამ კანონპროექტის თავსებადობასთან დაკავშირებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მომავალ აზრს და განიხილონ მისი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.
ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.
იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.
0 კომენტარი