საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„შეერთებული შტატები გმობს კრემლიდან შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის მეორე მოსმენით მირებას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელიც მის დასაცავად არის მიმართული. მმართველი პარტიის წევრები დაუფარავად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია, და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომლებიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას, რასაც ოცდათორმეტი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ, არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.
0 კომენტარი