თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები არ წყდება. ევროპის სახალხო პარტია სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა, დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა, ვინც საქართველოს დემოკრატიას ანგრევს. „არ შეიძლება, ქართველების ახალგაზრდა თაობა ამ ბრძოლაში მარტო დავტოვოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი კი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას იხსენებს და ამბობს, რომ სავსებით ნათელია, ვინ არის უცხო ძალის ნამდვილი აგენტი საქართველოში. „ეს კანონი ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას და საბოლოოდ მოიტანს რუსულ ოცნებას, ისევე როგორც ქართულ კოშმარს“, - წერს გალერი.
„ივანიშვილის ანტიდემოკრატიული გამოსვლის შემდეგ ნიღბები ჩამოხსნილია. მე ვდგავარ ქართველ ხალხთან ერთად, რომლებიც ევროპულ მომავალს იცავენ. სამართალდამცავების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ, მიუღებელია“, - ეს სიტყვები კი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინს ეკუთვნის.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. საერთაშორისო საზოგადოება კვლავ მოუწოდებს საქართველოს მმართველ პარტიას, არ მიიღოს კანონი, რადგან ეს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.
0 კომენტარი