აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს ესაუბრა. მისი თქმით, საუბარი შეეხო კანონპროექტს „უცხოური გავლენის“ შესახებ და მის შესაძლო უარყოფით გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე.
„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ კანონმდებლებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლიდან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონის გამო. ასევე იმ უარყოფით გავლენაზე, რომელსაც ეს კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ახდენს“, - წერს ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში აპრილის დასაწყისში დაინიცირდა, რამაც საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება გამოიწვია. აშშ და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.
0 კომენტარი