ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს გამართულ აქციაზე მთავრობის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებს ეხმაურება. რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი განსაკუთრებულ შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის თაობაზე გამოთქვამს და აცხადებს, რომ მსგავსი ტექსტები ბელარუსის ლიდერისგან უფრო იყო მოსალოდნელი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისგან. კოფის თქმით, უკვე სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან გადასვლის გზას დაადგა.
„გამოსვლები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან, განსაკუთრებით ივანიშვილისგან, იყო დაუსაბუთებელი და სიგიჟის ზღვარზე მყოფი. ივანიშვილის მუქარა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „სასჯელს“ გამოუტანს, შემზარავია. მსგავს განცხადებებს ჩვენ ველით ბელარუსისგან და არა საქართველოსგან.
ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერების მუდმივი მითითება „გლობალური ომის პარტიაზე“ (ანუ აშშ და ევროპული ქვეყნები, რომლებიც უკრაინას თავდაცვისთვის შეიარაღებას აძლევენ) იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები ძალიან დიდ დროს ატარებენ უნგრეთის მმართველ პარტიასთან ერთად. მე არასოდეს მსმენია, ვინმეს ვაშინგტონში ეთქვას, რომ საქართველომ უნდა „გახსნას მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ. ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, იტყუება.
ასევე, ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ეს პარანოიდული აკვიატება (ორივე ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის წინ იყვნენ ხელისუფლებაში) ფსიქიკურ დაავადებად იქცა.
მე, როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და დამკვირვებელი, ვცდილობდიმ ქვეყნის საშინაო პოლიტიკისთვის ყურადღება არ მიმექცია და ფოკუსირება მომეხდინა აშშ-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებზე. თუმცა ახლა ასე აღარ შეიძლება. ბრმაც კი ხედავს, რომ საქართველო გადავიდა ევროატლანტიკური გზიდან.
ნათელია, რომ „ქართული ოცნება“:
- აღარ განიხილავს სერიოზულად ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
- თანაუგრძნობს და ხშირად იმეორებს მოსკოვის პოლიტიკას
- კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობისგან. დიახ, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ გუშინდელი სიგიჟის შემდეგ, ეს მოლაპარაკებები ჩიხში შედის.
საქართველოს შიგნით ნებისმიერი ცვლილება ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გრძელი და ცხელი ზაფხული გველის.
ჩემს მეგობრებს „ქართულ ოცნებაში“: მე ვიცი, რომ თქვენ კარგად იცით, რომ, რაც ხდება, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. Რა შეიძლება გაკეთდეს?
ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში და სამოქალაქო საზოგადოებაში: იყავით ძლიერები (და თავს გაუფრთხილდით)!“ - წერს ლუკ კოფი.
0 კომენტარი