საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და დამტკიცების შემთხვევაში ამას გავლენა ექნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ზოგად მიდგომაზე. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, შემოდგომაზე ევროკომისია ამზადებს ანგარიშს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით და ყველა ეს ნეგატიური პროცესი ამ ანგარიშში აისახება, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ გზას.
„უმაღლესმა წარმომადეგენლმა ბორელმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად ნათლად განაცხადეს - ამ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოს დაშორებას მისი გაცხადებული მიზნისგან - დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, როდესაც საქმე ეხება ამ კანონს. ეს არის კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, არ შეესაბამება ევროპულ მოლოდინებს და დამტკიცების შემთხვევაში, რეალურად, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. როგორც იცით, შემოდგომაზე ევროკომისია ამზადებს ანგარიშს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით და ყველა ეს პროცესი ამ ანგარიშში აისახება და როგორც ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუ არ იქნება პროგრესი რიგ საკითხებზე, ან თუ იქნება უკან დახევა, ამას გავლენა ექნება ქვეყნის მიმართ ზოგად მიდგომასა და ქვეყნის პროგრესზე, ხალხისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტის მიღწევის გზაზე, რაც არის ევროკავშირთან დაახლოება“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
0 კომენტარი