თუ „ქართული ოცნება“ პრორუსულ გზას გააგრძელებს, ევროკავშირს სანქციების დაწესება მოუწევს. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტატი თომას ჰაკერი საუბრობს. მისი თქმით, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის გავლენის ქვეშ არის და ქვეყანას ევროპის საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს. თომას ჰაკერმა ე.წ. „ოფშორების“ კანონიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირს სცილდება.
„ამბობენ, რომ ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ და სათაურიც მცირედით შეცვალეს, მაგრამ თუ წავიკითხავთ, ეს ზუსტად იგივე კანონპროექტია, რომელიც შარშან იქნა შემოტანილი. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს ავტოკრატიაზე გადასვლა, რომელშიც არც სამოქალაქო საზოგადოებაა, არც უმცირესობები არიან დაცულნი, არც საპირისპირო აზრია და არც თავისუფალი მედია, მაშინ ეს არ არის ის, რაც ევროკავშირში გვჭირდება. ეს გადამწყვეტი მომენტია და ვიცით, რომ საქართველოს წელს არჩევნები აქვს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს ქვეყანა ყოველთვის იყო ევროპული, ხალხი ევროპელია და ჩვენ გვინდა, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა საპირისპირო გზით მიდის.
„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ამბობს, რომ ქვეყნის ევროკავშირისკენ წაყვანა სურს, მაგრამ, თუ ის ისეთ ქმედებებს მიმართავს, როგორიცაა, მათ შორის, ე.წ. „ოფშორების შესახებ კანონი“, რომელიც ოლიგარქების ქონების შემოტანას გულისხმობს ყველანაირი გადასახადების გარეშე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ახლო ურთიერთობაშია რუსეთის ხელისუფლებასთან, ქვეყანა კი ევროკავშირს კიდევ უფრო დასცილდება.
ახლა უკრაინა ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვერდით დავუდგეთ მას და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს, თუმცა, თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რუსეთს დაუჭიროს მხარი, სანქციები ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება“, - განაცხადა თომას ჰაკერმა.
0 კომენტარი