საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა.
ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, ლიკა საჯაია და ასევე, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად მივიდნენ და "ამის უფლებას მათ არ მისცემს".
"დატოვეთ დარბაზი. ყოჩაღ! ყოჩაღ! შეურაცხყოფისთვის ყოჩაღ! გაძევებული ხართ, გაბრძანდით. სამარცხვინო საქციელია. შეურაცხყოფის მოსაყენებლად მობრძანდით. ამაში იღებთ როგორც ჩანს ხელფასს, სამწუხაროა," - მიმართა ოხანაშვილმა ნათია კუპრაშვილს.
ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ ლიკა საჯაიას მიმართა, ზრდილობა ისწავლოს.
"დატოვეთ, დარბაზი. შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ქალბატონო ლიკა. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ იმის წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ, როგორ უნდა მიმართოთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. უზრდელად მოქცევის საშუალებას არ მოგცემთ," - მიმართა ანრი ოხანაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოხანაშვილმა.
0 კომენტარი