საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. ანალენა ბერბოკის უწყება სოციალურ ქსელში X წერს, რომ ათასობით ადამიანი ყოველ ღამე საპროტესტო აქციას მართავს სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად. "ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ", - წერია განცხადებაში.
გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავს. 12 აპრილს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს და ის უფრო ჰგავს რუსეთში მოქმედ კანონს.
„საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება“, - განაცხადა შოლცმა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ევროპულია, რადგან ის მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებს, არ გასცეს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლკაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია, თუ ქვეყნის პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებს.
0 კომენტარი