სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, Globalnews.ge-ს შეკითხვაზე, "ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, რომ არ გახსნას საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება, სანამ რუსული სტილის კანონპროექტი ჯერ კიდევ არსებობს და ასევე, მოუწოდა ევროკავშირსა და მის პარტნიორებს განიხილონ სანქციების საკითხი. როგორც მაქვს ინფორმაცია, კონგრესში სერიოზულად მსჯელობენ საპასუხო ნაბიჯებზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ? გაქვთ ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა კონგრესთან?"
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირველმა მოადგილემ ვედანტ პატელმა შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ არ გააკეთებს კომენტარს კონსულტაციებზე, რომლებიც შესაძლოა კონგრესში მიმდინარეობდეს.
"მე არ გავაკეთებ კომენტარს კონსულტაციებზე, რომლებიც შესაძლოა კონგრესში მიმდინარეობდეს. ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ამ კანონპროექტზე ვსაუბრობთ და მე უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ გვითქმავს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი არის შემაშფოთებელი, რადგან ის ჰგავს იმ კანონპროექტებს, რომლებიც ჩვენ გვინახავს რუსეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც ხდება მედია ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები და ჩვენ ვთვლით, რომ ასეთუ კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროინტეგრაციასთან, რაც საქართველოს გაცხადებული მიზანია", - აღნიშნა ვედანტ პატელმა.
ჩვენი ინფორმაციით, კონგრესში აქტიურად განიხილავენ ერთ-ერთი სენატორის მიერ, კოლეგებისთვის წერილობითი ფორმით შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, რომელმაც რუსული კანონი პარლამენტში ხელმეორედ წარადგინა და რომელიც დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკუთარი ნარატივის შეცვლას, როგორც ჩანს, არ გეგმავს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კონგრესში წარდგენილი სამოქმედო გეგმა სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაბიჯი, რუსული კანონის ავტორების, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასანქცირების საკითხს ითვალისწინებს. მასში ასევე საუბარია, ქართველი ხალხის დახმარების გაზრდაზე სხვადასხვა სოციალური სფეროების მიმართულებით. მესამე ნაწილი კი, მოიცავს შეერთებული შტატების პოლიტიკის კიდევ ერთხელ განსაზღვრას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ჯერჯერობით, ამ საკითხზე კონგრესში საჯარო კომენტარები არ კეთდება, თუმცა როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, წერილობით შეთავაზებულ გეგმას კონგრესის არაერთი წევრი უჭერს მხარს.
0 კომენტარი