როდის მიიღეს ამერიკული FARA და როგორ მუშაობს ის შეერთებულ შტატებში?

 

1938 წელს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი", იგივე FARA დაამტკიცა. მაშინ განიმარტა, რომ "უცხოური მთავრობები უწყვეტად ეწეოდნენ ძალისხმევას გავლენა ჰქონოდათ შეერთებული შტატების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე, დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოებრივ აზრზე. FARA-ს რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ცნობილი იურისტი, "ამერიკის ბარის ასოციაციის" წევრი, მეთიუ სანდერსონი განმარტავს იმ დეტალებს, თუ რა არის ამერიკული კანონის მოქმედების მთავარი არსი და რამდენად ფრთხილად იყენებს მას შეერთებული შტატების მთავრობა იმისთვის, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას ხელი არ შეეშალოს.

"ზოგადად რომ ვთქვათ, კანონი არ შეხებია იმ არაკომერციულ ან სხვა სუბიექტებს, რომლებმაც შეიძლება მიიღოს სახელმწიფო გრანტები საზღვარგარეთიდან. ვთქვათ, ევროკავშირი ფულს აძლევს ამერიკაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კომპანიას FARA-ს რეგისტრაცია მოეთხოვოს და მითუმეტეს, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს”, - განმარტავს მეთიუ სანდერსონი. 

ცნობილია, რომ უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტი, იგივე FARA, შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის წინ ამოქმედდა. სწორედ მაშინ, როდესაც კანონის მთავარი სამიზნე გახლდათ ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდისტებისთვის საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებიც მაშინ შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში აქტიურობდნენ. 

როგორ აღმოჩნდა რუსული კანონი საქართველოში?

2022 წლის დეკემბერში, მაშინ ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა მოძრაობა "ხალხის ძალამ" დააანონსა, რომ 2023 წლის იანვარში წარადგენდა კანონპროექტს, რომელიც, მათი თქმით, საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა. "ხალხის ძალის" განცხადებითვე, "კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნებოდა". მეტიც, "ქართული ოცნების" საჯარო განცხადებებში მას "ამერიკულ კანონად" მოიხსენიებდნენ.

მათი ამ განცხადებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 2023 წლის მარტში გამართულ ბრიფინგზე ხაზგასმით განმარტა, რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა და საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს შორის.

"ვრცელდება პროპაგანდა, რომ თითქოს ეს კანონი ეყრდნობა ჩვენს კანონმდებლობას უცხოეთის წარმომადგენელთა რეგისტრაციის შესახებ აქტს, FARA-ს. ჩვენი კანონი მოითხოვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენენ უცხოეთის ქვეყნებს, არიან უცხოეთის ქვეყნების აგენტები, გაიარონ რეგისტრაცია უცხოეთის წარმომადგენლებად. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს. ეს აქტი, FARA, ძალიან ვიწროა და მორგებულია და ეხება მხოლოდ უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებს და ეს განსხვავებულია და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამით", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელმა პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

მიუხედავად ამისა, "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" მიერ ამერიკულ კანონად გამოცხადებულ კანონპროექტს, ხელისუფლებასთან აფილირებული სხვადასხვა მედიასაშუალებებიც მაინც მტკიცებით ფორმაში აცნობდნენ საზოგადოებას, რომ "პარლამენტში ამერიკული კანონი განიხილება". ასე გაგრძელდა მანამ, სანამ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ, 2023 9 მარტს გამოაცხადა, რომ კანონპროექტს უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევდა.

ერთი წლის შემდეგ, კანონპროექტი, იდენტური ფორმით პარლამენტში ისევ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისევე როგორც ერთი წლის წინ, შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა, თუ ევროპის უმაღლესი რანგის პირები მას მწვავედ აფასებენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ რუსული სტილის კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას შეაფერხებს, ხელისუფლება ისევ ჯიუტად ცდილობს დაამტკიცოს, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ არგუმენტები არ არსებობს და ის ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის იდენტურია.

ის, რომ საქართველოში წარდგენილი კანონპროექტი თვისობრივად განსხვავდება ამერიკული თუ ევროპული კანონმდებლობისგან, არაერთხელ დასაბუთდა საქართველოს ანალიტიკური თუ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისგანაც.

კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი: “ძალიან მარტივად და მოკლედ: უცხო ძალის გავლენის შესახებ კანონები ტიპოლოგიურად ორ ჯგუფად იყოფა. ამერიკული FARA და რუსული Закон об иностранных агентах (ЗИА). მთავარი განხვავება: FARA უცხო ქვეყნის აგენტად აღიარებს ნებისმიერ ორგანიზაციას, თუ ის რეალურად არის ინტერესის აგენტი და მუშაობს უცხო ძალის ინტერესების განსახორციელებლად. ЗИА აღიარებს უცხო ძალის აგენტად ყველას, ვინც მცირედი ნაწილითაც კი იყენებს უცხოურ დაფინანსებას. FARA-ს შემთხვევაში "აგენტების" რეესტრში ხვდება მართლა უცხო ძალის ინტერესების აგენტი, ხოლო ЗИА-ს შემთხვევაში რეგისტრაციას ექვემდებარება, უმეტესწილად, ორგანიზაციები, რომლებსაც არავითარი ვალდებულება არანაირ უცხო ძალასთან არ გააჩნიათ. ქართული კანონი განეკუთვნება ЗИА-ს (ანუ რუსული) ტიპის კანონს და ამ ტიპის კანონთა შორის ყველაზე მომცველია, რადგან საერთოდ არ ითვალისწინებს საქმიანობის პროფილს და ამიტომ რეესტრში აფორმებს პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. ЗИА -ს ტიპის კანონები მიღებულია რუსეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, რესპუბლიკა სერბსკაში, უნგეთში (გაუქმებულია სასამართლოს მიერ), სლოვაკეთში (ინიცირებული). FARA-ს ჯგუფის კანონები, სხვდასხვა მოდიფიკაციით, მიღებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიასა და ისრაელში. ინიცირებულია საფრანგეთსა და ევროკავშირში.FARA- ს მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. ЗИА-ს მიზანია სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაცია და კრიტიკული აზრის დასუსტება. FARA-შედეგი - მეტი უსართხოება, ЗИА-ს შედეგი რუსეთიდან განდევნილი, გაუქმებული ან განადგურებული ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია საშუალება, სამოქალაქო აქტივისტი, ინტელექტუალი”.

 

რატომ დააბრუნა რუსული ტიპის კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" და როგორ გამოიყენებს მას?

ბოლო წლებია, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მისამართით პოლიტიკური თავდასხმის კამპანიის გააქტიურების პარალელურად, FARA ქართული აუდიტორიისთვისაც საკმაოდ ნაცნობ სახელწოდებად დამკვიდრდა. უმეტეს შემთხვევაში, პოლიტიკური ინტერპრეტაციით - ისე, როგორც ეს ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგება. ცოტა ხნით მართლაც დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში, მართლაც ამერიკული "ფარას" იდენტურ კანონპროექტს განიხილავს. როგორ გამოიყენებს მას საქართველოს ხელისუფლება მისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ?! ან როგორ გამოიყენა უცხო ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა საზოგადოებაში მისთვის სასურველი პოლიტიკური აზრის ჩამოსაყალიბებლად? ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია "ფორმულასა" და ამერიკულ ლობისტურ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გავიხსენოთ. 

2023 წლის სექტემბერში, საქართველოში სხვადასხვა ქართულმა და რუსულმა მედიასაშუალებებმა, FARA-ს მიერ გავრცელებული დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნეს თითქმის იდენტური გზავნილებითა და აქცენტებით. თითქოს "დოკუმენტებმა ნათელი მოჰფინა, რომ საქართველოს საკითხით დაინტერესებული პირების მთავარი ამოცანა მხოლოდ ლობისტური საქმიანობიდან ფულადი სარგებლის მიღებაა".

მედიასაშუალებებმა, რომლებიც "ფარას" დოკუმენტები გააცნეს აუდიტორიას, აღნიშნავდნენ, რომ "რადიკალურ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ მედიას კიდევ ერთხელ შეუქმნა დისკომფორტი იმ ამერიკულმა კანონმა, რომლებმაც მათ საქართველოში რუსული უწოდეს და რომ სახელმწიფო დეპარტამენტში დასმულ შეკითხვებსაც კი კონკრეტული ფასი აქვს".

როგორც ირკვევა, ტელეკომპანია "ფორმულამ" ვაშინგტონში მოქმედი ლობისტური კომპანია, "ქორნერსთოუნი" დაიქირავა. კონტრაქტის მიხედვით კი, 110 ათასი დოლარი გადაუხადა. დოკუმენტებში მითითებულია, რომ ლობისტური კომპანიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პირთან, მათ შორის, ნათქვამია, რომ "გამოქვეყნებულ მასალებში იკვეთება კავშირები ამერიკის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან". გამოკვეთილად დასახელდა მაიკლ ჩეჩირე, რომელიც კონგრესში მოქმედი ჰელსინიკის კომისიის მრჩეველია. მედიასაშუალებების ნარატივს ფეხდაფეხ მიყვა პოლიტიკური განცხადებებიც.

ირაკლი კობახიძის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: მადლობას გადავუხდი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ იქ დღემდე მოქმედებს რუსული კანონი. სწორედ ამ რუსული კანონის მიხედვით გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია "ფორმულასთან" და კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაწეული ლობისტური ხარჯების შესახებ. ჩვენ ხშირად გვესმოდა, ახლა "ფარაში" ნახსენები გვარები, ჩეჩირე და ა.შ. როგორ ღელავს საქართველოს ბედზე. აღმოჩნდა, რომ ის ღელავს თურმე ლობისტურ კონტრაქტზე, რომელშიც ისაა ნახსენები. ლობისუტირი კონტრაქტები პირდაპირაა მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ".

მაშინ, "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან, თავდასხმის ობიექტი გახდა ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, მედიასთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჟურნალისტი სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვებს საქართველოში მოქმედი ტელეკომპანია "ფორმულას" დავალებით სვამდა. 

მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას", ნახევარ მილიონად აუყვანია ლობისტები, მათ შორის არის ჟურნალისტი, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ კითხვებს... დამაზიანებელ კითხვებს სვამდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ. ანუ, ეს დამაზიანებელი კითხვები პირდაპირ ფორმულას დაკვეთა იყო. ხომ ჩვეულებრივი ჯაჭვია, რამე ინტერპრეტაცია, გადაზედმეტებული ხომ არ არის?!

რა ინფორმაცია გაავრცელა რეალურად "ფარამ"

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამოწმებთ "ფარას" დოკუმენტს, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ მაიკლ ჩეჩირესთან დაკავშირებით ლობისტური კომპანიის კომუნიკაცია მხოლოდ მეილის გაგზავნით შემოიფარგლა და მასთან პირისპირი შეხვედრა არ შემდგარა.

გლობალნიუს.ჯი-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია "ქორნერსთოუნის" წარმომადგენელმა, ვინმე თიჯეიმ, წერილი გააგზავნა კონგრესში და საკუთარი თავი გააცნო როგორც ვაშინგტონში ტელეკომპანიის წარმომადგენელი. წერილშივე მითითებულია, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალება შეშფოთებულია საქართველოში რუსული გავლენის გაზრდითა და მედიაში არსებული ვითარებით და ითხოვს რჩევას, ვისთან იქნებოდა შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხის განხილვა.

როგორც ჩვენს ხელში არსებული მეილების მიხედვით ირკვევა, ლობისტური კომპანიის წარმომადგენელს პასუხობენ, რომ საქართველოს საკითხზე კონგრესში მუშაობს მაიკლ ჩეჩირე. სწორედ ამის შემდეგ, "ქორნერსთოუნის" წარმომადგენელი წერილს უგზავნის მაიკლ ჩეჩირეს, თუმცა ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მას არ პასუხობს. სწორედ ამასვე ადასტურებს "ფარას" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში "ფარას" დოკუმენტების მოშველიებით, კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მაინც გაგრძელდა.

კიდევ ერთი ინფორმირებული წყარო გვაწვდის ლობისტური კომპანიის ამჯერად სხვა წერილს, თუ როგორ შედგა კომუნიკაცია "ფორმულას" მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიასა და ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შორის. კერძოდ, ჩვენთვის მოწოდებული წერილის მიხედვით, ლობისტური კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება National Press Club-ს და სთხოვს დააკავშიროს ჟურნალისტს, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული იყოს საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებული საკითების განხილვით.

ლობისტური კომპანია "ქორნერსთოუნიდან" National Press Club-ში გაგზავნილ წერილში ნათქვამია: "მე წარმოვადგენ საქართველოში დამოუკიდებელ მედიასაშუალება “ფორმულას”, რომლის ერთ-ერთი ჟურნალისტი, ირაკლი კიკნაველიძე, მომავალ სამშაბათს ვაშინგტონში იქნება და ვიმედოვნებდი მომეყვანა თქვენთან ჟურნალისტიკის დირექტორთა საბჭოს ზოგიერთ დაინტერესებულ წევრთან სასაუბროდ. ირაკლის სურს განიხილოს მიმდინარე გამოწვევები, რომელიც ექმნებათ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში, რადგან ქვეყანა განაგრძობს სვლას რუსეთის გავლენის სფეროში და მთავრობა დგამს ნაბიჯებს კრიტიკული ხმების ჩასახშობად. გთხოვთ, შემატყობინოთ, თუ თქვენ ან ვინმე სხვა დაინტერესებულია ირაკლისთან შეხვედრით".

ჩვენი ინფორმაციით, ლობისტური კომპანიის ამ წერილის გადამისამართება ხდება ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ "ქორნერსთოუნის" წარმომადგენელსა და "ფორმულას" ჟურნალისტ ირაკლი კიკნაველიძეს, 2023 წლის ივნისში ნამდვილად შეხვდა. ამ შეხვედრას ადასტურებს თავად ირაკლი კიკნაველიძეც და გვეუბნება, რომ ეს იყო ერთადერთი პირისპირი შეხვედრა ვაშინგტონში მისი მონაწილეობით, რომელიც ლობისტური კომპანიის დახმარებით შედგა.

თავად ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ იხსენებს, თუ რატომ დათანხმდა შეხვედრას და რა იყო მისი დაინტერესების მთავარი მიზეზი.

ალექს რაუფოღლუ, ჟურნალისტი: ჩემი საქართველოს საკითხით განსაკუთრებული დაინტერესება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვნახე ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა პატიმრობაში მყოფილი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ჩემი ჟურნალისტური მუშაობის მთავარი მიმართულება, ადამიანის უფლებების დაცვა და ადვოკატირებაა. წარმოშობით აზერბაიჯანიდან ვარ და ვიცი, როგორ დავკარგეთ დემოკრატია. საქართველო კი, ბევრი მიზეზის გამო მაღელვებს და მათ შორის იმის გამო, რომ წარსულში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში სწორედ საქართველოსგან ვსწავლობდით და მისგან ვიღებდით მაგალითს. ბუნებრივია, სხვადასხვა წყაროებთან ყოველთვის ვამოწმებ ინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით, რათა დავრმწუნდე, რომ როგორც ჟურნალისტი, სწორედ პირველწყაროებისგან ვარ ინფორმირებული. როდესაც National Press club-ისგან მივიღე წერილი "ფორმულას" ჟურნალისტისგან შეხვედრით დაინტერესებასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მოხალისის პოზიციიდან გამოვეხმაურე. ვიცი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ლობისტური კომპანიის დახმარება გამოიყენა, "ფარას" დოკუმენტებზე წლებია ვმუშაობ და უამრავი მასალა იძებნება, როგორ ვამხელდი აზერბაიჯანის მთავრობას ლობისტური კომპანიების დახმარების გამოყენების გამო. ამიტომ ზუსტად ვიცი, როგორ მუშაობს "ფარა". რა თქმა უნდა, "ფორმულას" გადასაწყვეტი იყო ლობისტური კომპანიის დაქირავება, თუმცა "ქორნერსთოუნი" თავდაპირველად დაუკავშირდა ჟურნალისტთა კლუბს. მათთან პირდაპირი კავშირი არ მქონია. ჩემი დაინტერესება იყო, ნებისმიერი შესაძლო იარაღი გამომეყენებინა იმისთვის, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიმეღო საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ლობისტურ კომპანიასა და "ფორმულას" წარმომადგენელთან შეხვედრა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა და ეს დრო გამოვიყენე ყველა იმ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად, რაც წინასწარ მქონდა მომზადებული. თუმცა რა შედეგიც ამას მოჰყვა და რა გამოხმაურებაც ვნახე საქართველოს ხელისუფლებისგან, აღმოჩნდა, რომ მე რეალურად მსხვერპლი ვარ. მაქვს ჩემი ეჭვები, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო. ლობისტურმა კომპანიამ გააკეთა ის, რაც აბსოლუტურად ლეგალურია, თუმცა ეს საქართველოს პრორუსულმა კორუმპირებულმა რეჟიმმა გამოიყენა ჩემი, მაიკლ ჩეჩირეს და სხვა ადამიანების დისკრედიტაციისთვის. რეალურად ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ "ფორმულამ" ჩვენ ფული გადაგვიხადა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, მათ ხელში რუსული სტილის კანონი რომ აღმოჩნდეს. ისინი ამ კანონს თითოეული თქვენგანის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ამიტომ არის საშიში რუსული რეჟიმის ხელში რუსული სტილის კანონი და არა გამჭვირვალობა".

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებულ მედიასაშუალებებში დღემდე მოიხსენიებენ როგორც მოსყიდულ ჟურნალისტს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მასზე მომზადებული სხვადასხვა ვიდეორგოლი, რაც მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რუსული ტიპის კანონპროექტი ჯერ კიდევ საბოლოოდ კანონად არ ქცეულა, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე რამდენჯერმე სცადა მისთვის დისკომფორტის შემქმნელი ადამიანების დისკრედიტაციისთვის ამერიკული “ფარას” გამოყენება და "ფორმულას" საქმე მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთია. ამ მაგალითების გათვალისწინებით კი, ადვილი წარმოსადგენია, როგორ გამოიყენებს რუსულ კანონს ნებისმიერი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც მისთვის მიუღებელ აქტორად მიიჩნევს - გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური ნარატივის გასამყარებლად და იმის საჩვენებლად, რომ  ყველა, ვინც საქართველოში არსებულ დინამიკას აფასებს, ან შიდა, ან გარე ჯგუფების ინტერესებით, ლობიზმის და ფულადი დაინტერესების ფარგლებში მოქმედებს და რომ თითქოს არ არსებობს ობიექტური შემფასებელ-დამკვირვებელი.

ეს ჩვენი გამოძიების მხოლოდ ნაწილია, რომლის სხვა დეტალებზე მუშაობასაც მომავალშიც განვაგრძობთ. თუმცა მანამდე საქართველოში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით საკმაოდ მასშტაბურმა პროპაგანდის სპეცოპერაციამ ხალხზე არ იმუშავა - ქუჩაში მას საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე აპროტესტებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული ოცნება რუსულ კანონზე ხელს საბოლოოდ არ აიღებს.

რუსა შელია

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *