ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი რუსულ კანონს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
"როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის დირექტორი, მინდა ვთქვა შემდეგი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამა დღეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს ისტორიაში და ქართული დემოკრატიის მომავლისთვის. ქართული კვლევების პროგრამა მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მაგრამ ეს არის აკადემიური პროგრამა, რომელიც ეძღვნება სამეცნიერო დამოუკიდებლობას, კვლევის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. ვერც ჩვენ და ვერც ქართული დემოკრატია ამ ატრიბუტების გარეშე ვერ ვიარსებებთ. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უკეთ ცნობილი როგორც უცხოური აგენტების კანონპროექტი, წარმოადგენს გამოწვევას იმ აკადემიური ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ჩვენი პროგრამა იცავს, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი გამოძიების ვალდებულების ნაწილი. ბუნდოვნად ჩამოყალიბებული "უცხოელი აგენტების კანონი", მიღების შემთხვევაში, შექმნის შესაძლებლობას გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვისთვის, რაც დააზიანებს დამოუკიდებელ მედიას, საქართველოს აკადემიური ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (მათ შორის უფლებადამცველი ორგანიზაციების). ეს დაასრულებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის, ნებისმიერ პროგრესს. ამ აზრს იზიარებს ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და პარტიების წარმომადგენლების დიდი უმრავლესობა ევროპარლამენტში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და მის რეპუტაციას, როგორც ტოლერანტული ქვეყნისა, რომელიც მოწოდებულია, სამხრეთ კავკასიაში ნამდვილი დემოკრატია ააშენოს", - განაცხადა სტივენ ჯონსმა.
0 კომენტარი