"კანონის იმპლემენტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში, რაც, შესაბამისად, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მათ საქმიანობას". ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს. ო’ფლაჰერტი თვლის, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და მოუწოდებს ქართველ პარლამენტარებს, თავი შეიკავონ მისი მიღებისგან.
„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო შეშფოთება ახლად შემოღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიღების შემთხვევაში ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებების რეგისტრაციას როგორც „ორგანიზაციებისა, რომლებიც ატარებენ უცხოური გავლენის ინტერესებს, თუ ისინი პირდაპირ ან ირიბად იღებენ თავიანთი წლიური დაფინანსების 20%-ზე მეტს „უცხო სახელმწიფოსგან“. მე შეშფოთებული ვარ ამ საკანონმდებლო ინიციატივის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ შემზარავი ეფექტის გამო, რომელიც მის მიღებას შეიძლება ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. კანონის იმპლემენტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში, რაც, შესაბამისად, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მათ საქმიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ წარდგენილი კანონპროექტის მიღებისგან და უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად“, - აღნიშნულია მაიკლ ო’ფლაჰერტის წერილში.
0 კომენტარი