გასული წლის ნოემბერში ათასობით ქართველმა დედაქალაქ თბილისში მსვლელობა მოაწყო. ევროკავშირის დროშებით ხელში ისინი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობდნენ. ახლა, არასრული ექვსი თვის შემდეგ, ისინი კვლავ გამოდიან თბილისის ქუჩებში, ამჯერად საპროტესტო აქციაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ მთავრობის ქმედებები არის ქვეყნის ევროპული ამბიციების ჩაშლის სქემა.
საპროტესტო მოძრაობის მიზეზი არის ახალი საკამათო კანონპროექტი , რომელიც რუსულ კანონმდებლობას გვაგონებს და რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა პარლამენტში. ეს კანონი აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანალიტიკურ ცენტრებს, მედიასაშუალებებსა და სხვა დამოუკიდებელ ჯგუფებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, უცხოეთის აგენტებად გამოაცხადონ თავი.
რამდენიმე დღით ადრე, მთავრობამ ასევე წარადგინა კანონმდებლობა, რომელიც აწესებს მკაცრ შეზღუდვებს ლგბტქ+ თემისთვის, რამაც გამოიწვია აჟიოტაჟი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მხრიდან. რეპრესიული კანონპროექტები, რომლებიც, ბრიუსელის თქმით, ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროამბიციებს, ბადებს სერიოზულ კითხვებს მმართველი პარტიის ზრახვებთან დაკავშირებით. საქართველო, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლა ევროკავშირის კანდიდატ სხვა კანდიდატებს, როგორებიცაა უკრაინა და მოლდოვა, საგრძნობლად ჩამორჩება და ბრიუსელში სულ უფრო მყარდება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ საკვანძო რეფორმების გატარების მიმართულებით ითრევს ფეხს, არამედ აქტიურად ცდილობს, ჩაშალოს მთელი ეს პროცესი. მთავრობის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რადგან არ სურს მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭება მართვის დასავლურ მოდელზე გადასვლით. გარდა ამისა, ოპოზიციის თქმით, საქართველო მმართველი პოლიტიკური ელიტას შიშობს, რომ სასამართლო რეფორმების გატარება და ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი სხვა პირობების შესრულა მათ ინტერესებს ზიანს მიაყენებს. თუ გავითვლისწინებთ, რომ ყველა გამოკითხვის მიხედვით ქართველების 79% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ ახალ კანონპროექტს შეუძლია ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს.
ცვლილების აგენტები - საქართველოს ბრძოლა ადრეც გადაუტანია
გასული წლის მარტში, პოპულისტური „ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია იძულებული გახდა, უკან გაეწვია თითქმის იდენტური კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რადგან ქუჩის საპროტესტო აქციები საკმაოდ მასშტაბური იყო და კანონპროექტი დასავლეთის ქვეყნებმაც დაგმეს. თუმცა ახლა, კანონპროექტის „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ ის კვლავ გააცოცხლა. ამავდროულად, მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობების ოფიციალურ აღიარებას და მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს ლგბტქ+ თემს, რაც ფაქტობრივად კრძალავს ისეთ საჯარო ღონისძიებებს, როგორიცაა „პრაიდი“. ამ შემთხვევაშიც განზრახვა ეხმიანება მოსკოვის ანალოგიურ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს „არატრადიციული ურთიერთობების“ პოპულარიზაციასთან ბრძოლას.
ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. შარშან ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებები შეუსაბამებო იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან, ახლა კი ევროპელ ოფიციალურ პირებს სავსებით აქვთ საბაბი იფიქრონ, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაფუჭების შეგნებული მცდელობაა. ამ მგრძნობიარე საკითხზე საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, განუცხადა POLITICO-ს, რომ „საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და რომ ბრიუსელი მოუწოდებს საქართველოს, არ მიიღოს ეს კანონი. „ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ უნდა გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები“, - დასძინა სპიკერმა. „მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში. კომისია ახლა შეაფასებს შემოთავაზებული კანონპროექტის გავლენას და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე გაფართოების მომავალ ანგარიშში ისაუბრებს. ამ ანგარიშის გამოქვეყნება შემოდგომაზეა მოსალოდნელი“.
გზა ევროკავშირისკენ
ანალიტიკოსები და უფლებადამცველი ჯგუფები შიშობენ, რომ საქართველო ბევრ სფეროში იხევს უკან და სულ უფრო ხშირია ცნობები ჟურნალისტების ცემისა და დაუცველი თემების შემდგომი მარგინალიზების შესახებ. უფრო მეტიც, 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მთავრობამ უარი თქვა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე და, ნაცვლად ამისა, გააღრმავა სავაჭრო ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან და ეხმარება მას მას სანქციების გვერდის ავლაში, რაშიც საკმაოდ დიდ სარგებელს ნახულობს. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსებული ურთიერთობების მომხრეა, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში იშოვა და კრემლთან უფრო მეგობრული კავშირები დაამყარა, ვიდრე საქართველოს წინა მთავრობებმა. ბრიუსელის მოწოდებები ქვეყნის "დეოლიგარქიზაციის" შესახებ, რომელიც ძირითადად ივანიშვილის ძალაუფლების შეზღუდვას ნიშნავს, ყურადღების გარეშე დარჩა. ზოგიერთი ქართველი შიშობს, რომ კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ გამოყენებული იქნება კრიტიკული ხმების ჩასახშობად ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან „ქართული ოცნება“ მეხუთე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას.
„ხელისუფლებას სურს ძალაუფლების შენარჩუნება, ამიტომ მათ გააძლიერეს კრიტიკული ხმები ჩახშობის პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჟურნალისტებს ხალხის მტრებად ასახელებენ, რადგან სურთ, რომ საზოგადოება ასე გვიყურებდეს“, - ამბობს ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ თანადამფუძნებელი, რომელიც აქციის მონაწილეებს შორის იყო როგორც ამ კვირაში, ასევე გასულ წელს.
თუ კანონპროექტი მიიღება, ზაკაშვილის საინფორმაციო საშუალება, რომელიც თითქმის მთლიანად უცხოური დონორების დაფინანსებით არსებობს, მხოლოდ აგენტად კი არ იქნება დასახელებული, არამედ მთავრობას ასევე შეეძლება განახორციელოს მისი შემოწმება და მიიღოს წვდომა ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებზე. სხვები ამბობენ, რომ ეს გეგმები საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების ბევრად უფრო ფართო ცვლილების ნაწილია.
„როგორც ჩანს, ისინი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ებრძვიან“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. მისი თვალთახედვით, მთავრობას არ სურს შეასრულოს ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და მდიდარი მხარდამჭერების გავლენის შეზღუდვა, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ძალაუფლება.
„ისინი ცდილობენ, თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, თითქოს ევროკავშირი საქართველოს გამჭვირვალობისკენ სწრაფვის გამო სჯის. ეს ჩვენთვის ნაცნობი პოპულიზმია“, - აცხადებს კაკაჩიამ.
ბრძოლა ბრიუსელისთვის
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მისი უახლესი კანონმდებლობა დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და არ დაემუქრება ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს. „მათ არ მოუტანიათ არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ იქნება სახიფათო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ის, რაც საფრთხეს არ უქმნის ევროპის სამოქალაქო საზოგადოებას “, - აცხადებს მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი თავმჯდომარე. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი კანონები. ”ჩვენ არ გავითვალისწინებთ არავის აზრს, იქნება ეს მოკავშირე სახელმწიფო თუ პიროვნება, არგუმენტაციის გარეშე,” - თქვა მან სამშაბათს.
წყარო: POLITICO.EU
0 კომენტარი