სოციალური სამართლიანობის ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშ ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველო "ავტოკრატიზაციისკენ მიდრეკილ ჰიბრიდულ რეჟიმად" კლასიფიცირდა. SJC-ი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს "შეუქცევადად დააყენებს ავტორირარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე".
"ანგარიშში გაკეთებული დასკვნების მიხედვით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ 2024 წელს „რუსული კანონის" მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე და განუსაზღვრელი ვადით შეზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას. Სწორედ ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" პატივი უნდა სცეს 2023 წლის საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარს და საბოლოოდ თქვას უარი კანონპროექტის მხარდაჭერაზე", - აღინშნულია განცხადებაში.
Freedom House -ის გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია და ნათქვამია, რომ ის, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა. ის ასევე აღნიშნავს, რომ საკვანძო ინსტიტუციები, მათ შორის, მედია და სასამართლო გასცდნენ პოლიტიზების იმ დონეს, რაც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ ამ კატეგორიაში მოქცეული ჰიბრიდული რეჟიმების დროს ოპოზიციისა ან სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის სივრცე არსებობს, თუმცა მმართველ პარტიას აქვს შესაძლებლობა ხელმძღვანელობაში ნებისმიერი ცვლილების შესაჩერებლად - სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა ლიმიტირებულია და მსგავსი რეჟიმები პრაქტიკაში ისეთ მიდგომებს იყენებენ, როგორიცაა დაშინება, დახშობა და თვალთვალი.
0 კომენტარი