შეერთებულმა შტატებმა როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში საქართველოს მთავრობასთან, გამოთქვა ღრმა შეშფოთება "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საუბრობს. მისი თქმით, ამ კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და უარყოფით გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.
„შეერთებულმა შტატებმა როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში საქართველოს მთავრობასთან, გამოთქვა ღრმა შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და რომ ამას ექნება უარყოფითი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესონ. ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების შეშფოთება. ევროკავშირი, ნატო, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი, მრავალი ევროპული ქვეყანა, გაერო ასევე გამოთქვამენ სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომ, უნდა დაუსვათ თავს შეკითხვა: თუ დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს აქვთ სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტის გამო, ხოლო ოკუპანტები ამბობენ, რომ ეს კარგი კანონია, იქნებ ამ კანონის მიღება მართლაც ცუდი იდეა იყოს? გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი არ არის იგივე, რაც ამერიკაში მოქმედი კანონი. ჩვენი კანონის სამიზნე არის არა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არამედ ლობისტები, რომლებსაც ფულს უხდიან უცხოური მთავრობები, რათა მათ ამ მთავრობების ინტერესების ლობირება მოახდინონ. ასე რომ, ეს აბსოლუტურად განსხვავებული კანონია", - აღნიშნა რობინ დანიგანმა.
0 კომენტარი